საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის აღნიშნული. რკინიგზის ინფორმაციით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. უკვე დაწყებულია არსებული ბაქნების დემონტაჟი. მის ნაცვლად ცენტრალის ტერიტორიაზე ახალი, უფრო მაღალი, თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე თბილისი ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე 4 ახალი ესკალატორი დამონტაჟდება.
განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები. რეაბილიტაციის პროცესში, ბაქანზე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება.თბილისი ცენტრალის სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია. საქართველოს რკინიგზა თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს.
პროექტზე შპს „მაქსიმუმთან“ 3.29 მილიონი დოლარის (7 მლნ ლარის) ღირებულების კონტრაქტი 23 სექტემბერს გაფორმდა.

























