მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში ბანკომატებიდან რეკორდული თანხა - 4 მილიარდი ლარი გაანაღდეს

ბანკომატი

2023 წლის დეკემბერში საქართველოში განლაგებული ბანკომატებიდან 4.2 მილიარდი ლარი გაანაღდეს - რაც წინა თვესთან შედარებით 18%-ით მეტი იყო და ამავდროულად ბანკომატებიდან გატანილი თანხის მაქსიმალური ოდენობა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ყველაზე მეტ თანხას დეკემბერში ანაღდებენ, ასევე ამ პერიოდში ყველაზე მაღალია პოს-ტერმინალებით და ელექტრონული არხებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობაც და მათი ჯამური ღირებულებაც, რაც საახალწლოდ გაზრდილ სამომხმარებლო ხარჯებს ასახავს.

ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში ბანკომატებში 9.9 მილიონი (ნოემბერთან შედარებით 1.1 მლნ-ით მტი) ოპერაცია შესრულდა, ხოლო ერთი ოპერაციის საშუალო ღირებულება 430 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს მთლიანობაში ბანკომატებით 42.3 მილიარდი ლარის ოპერაციები (ძირითადად თანხის განაღდება) შესრულდა, რაც 2022 წელთან შედარებით 13%-ით მეტი იყო.

უფრო მეტად - 40%-ით გაიზარდა პოს-ტერმინალებით და გადახდის ელექტრონული არხებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა და მან 2023 წელს 25.1 მილიარდი ლარი შეადგინა.

ამ საბარათე მიმართულებით გააქტიურების მიუხედავად, მოსახლეობის მხრიდან გადახდების მთავარ მექანიზმად კვლავ ნაღდი ფულის ოპერაციები რჩება, რაზეც საბანკომატე ოპერაციების სიდიდეც მეტყველებს.

სებ-ის თანახმად, საქართველოში სულ 2,846 ბანკომატია, შესაბამისად თითოეული მათგანით დეკემბერში საშუალოდ 1.5 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, ხოლო დღეში 48 ათასი ლარის ოპერაციები.

რაც შეეხება პოს-ტერმინალებს, მათი რაოდენობაა 107,854, შესაბამისად დეკემბერში თითოეული ტერმინალით 17 ათასი ლარის ოპერაციები, ანუ დღეში 534 ლარის გადახდები შესრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები