2025 წლის დეკემბერში სახელმწიფომ ექვსი კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით 882 ავტომობილი შეიძინა, რომელთა ღირებულებაც 58,733,399 ლარს შეადგენს. ამასთან კვლავ მიმდინარეა 70 ავტომობილის შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 3.6 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ამ ტენდერში თუკი გამარჯვებული მიმდინარე თვეში გამოცხადდება, საერთო ღირებულება თვის განმავლობაში 62.3 მილიონ ლარს, ავტომობილების რაოდენობა კი 952-ს მიაღწევს. ავტომობილების უმეტესობა ძალოვანი უწყებებისთვის არის შეძენილი, შემსყიდველებს შორის ასევე არიან იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, თბილისის მერია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახალხო დამცველის აპარატი და სხვადასხვა რეგიონში რწმუნებულის აპარატები. ამასთან, ექვსი ტენდერიდან ხუთის გამარჯვებულია კომპანიაა "სს ჰიუნდაი ავტო საქართველო", ხოლო ერთ ტენდერში კი კომპანია "კავკასუს მოტორსმა" გაიმარჯვა, რომელიც ქვეყანაში Mitsubishi-ს ავტომობილების ოფიციალური დილერია.
შესყიდული ავტომობილები უწყებების მიხედვით ასე ნაწილდება:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის - 457 ავტომობილი, გამარჯვებული სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო", მოდელი - "ჰიუნდაი ელანტრა", ერთეულის ღირებულება 57,875 ლარი, ჯამი 26,448,875 ლარი;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის - 221 ავტომობილი, გამარჯვებული შპს "კავკასუს მოტორსი", მოდელი - Mitsubishi L200, ერთეულის ღირებულება 90,399 ლარი, ჯამი 19,978,179 ლარი;
- იუსტიციის სამინისტრო (13); სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური (7); სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტო“ (6); შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია (6); სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში (2); ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური (1); ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია (1); სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო (1); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (1); სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო (1) - ჯამი 39 ავტომობილი, გამარჯვებული - სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო", მოდელი - Tucson-ი, ერთეულის ღირებულება 75,905 ლარი, ჯამი 2,960,295 ლარი;
- საქართველოს პროკურატურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურები - 75 ავტომობილი, გამარჯვებული - სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო", მოდელი - Elantra, ერთეულის ღირებულება 58,965 ლარი, ჯამი 4,422,375 ლარი;
- თბილისის მერია (30); თბილსერვის ჯგუფი (15) - ჯამი 45 ავტომობილი, გამარჯვებული - სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო", მოდელი Venue, ერთეულის ფასი 48,300 ლარი, ჯამი 2,173,500 ლარი;
- ქ. თბილისის მერია (20); სახალხო დამცველის აპარატი (5); იუსტიციის სამინისტრო (8); პრეზიდენტის ადმინისტრაცია (12) - ჯამი 45 ავტომობილი, გამარჯვებული - სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო", მოდელი "ჰიუნდაი ელანტრა", ერთეულის ფასი 61,115 ლარი, ჯამი 2,750,175 ლარი.
ამასთან, კვლავ გრძელდება იუსტიციის სამინისტროსთვის (48); თბილისის მერიისთვის (20); სენაკის და ზუგდიდის დრამატული თეატრებისთვის 1-1 ავტომობილის შესაძენად გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით 3,638,600 ლარი.




























