მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში უძრავ ქონებაში კლება იყო, თუმცა დრამატული შემცირება არ ყოფილა - ილია წულაია

არქი

„არქის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე დეკემბერში უძრავი ქონების გაყიდვების მოლოდინი უფრო მაღალი იყო, ვიდრე თავად გაყიდვები. ამის შესახებ ილია წულაიამ „ბიზნეს პარტნიორთან“ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის უძრავი ქონების ბაზარზე ზეგავლენაზე საუბრისას განაცხადა.

ილია წულაია ადასტურებს, რომ პოლიტიკური კრიზისი სამშენებლო სექტორზე აისახება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ „არქის“ 17-წლიანი ოპერირების გამოცდილების გათვალისწინებით არაერთი კრიზისი გადაუტანია. მისი ინფორმაციით, დეკემბერში ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები შემცირდა, თუმცა ეს დრამატული კლება არ ყოფილა. ამის განმაპირობებელი კი ქვეყანაში დეკემბერში არსებული ტურბულენტური გარემო იყო, რაც უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ადგილობრივ და უცხოელ პოტენციურ მყიდველზე ერთნაირად მოქმედებს.

„ყველაზე სენსიტიური, როდესაც ქვეყანაში გარკვეული ტურბულენცია ხდება, უძრავი ქონების ბაზარია და პირველი იმპულსებიც უძრავი ქონების ბაზარზე იგრძნობა. ჩვენ ამ პულსზე წლებია ხელი გვიდევს. „არქი“ 17 წლის არის და ამ პერიოდში განმავლობაში ძალიან ბევრი მსგავსი კრიზისი გავიარეთ, ამიტომ ჩვენთვის ეს მოვლენები რა თქმა უნდა, არასასურველია, მაგრამ მსგავსი მოვლენები ჩვენ ბევრჯერ გვაქვს გავლილი.

იმ მოვლენებმა, აქციებმა და არასტაბილურმა გარემომ, რომელიც დეკემბრის თვეში იყო, ბუნებრივია უძრავი ქონების ბაზარზე გავლენა მოახდინა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ამ გავლენისა უძრავი ქონების რეალიზებისთვის შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების თვალსაზრისით რეკორდული წელი იყო. ეს ინფორმაცია ჩემი კომპანიის მაგალითზე ზუსტად შემიძლია გითხრათ, მაგრამ ვარკვევთ რა ხდება სექტორში, რადგან ჩემი კომპანია შეიძლება გამონაკლისი იყოს იმ კუთხით, რომ მომხმარებლის განსაკუთრებული ნდობა გვაქვს, მაგრამ სხვა კომპანიებზეც რომ ვკითხულობ ინფორმაციას, ვიცით მათი გაყიდვების შესახებ, ასევე ვკითხულობთ ინფორმაციას ბანკებთან, რომლებსაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დეველოპერებთან და იციან - რას და როგორ ყიდიან, სხვებთან ცოტა შემცირება იყო დაახლოებით 10-20%-ის ფარგლებში, მაგრამ უძრავ ქონებაში დრამატული შემცირება არ ყოფილა. დეკემბერში, ზოგადად უფრო მეტი გაყიდვებია, ვიდრე სხვა თვეებში. ამ შემთხვევაში შეიძლება იმდენად მეტი არ იყო, ვიდრე მოლოდინი და შეიძლება ეს იყო სხვაობა. ფაქტორები იყო ტურბულენტური სიტუაცია - უცხოელი პოტენციური შემძენები, ბუნებრივია, ელოდებიან და გადადებენ უძრავი ქონების შეძენას... ეს უკვე იგრძნობა იანვრის ბოლოს, რადგან ახლა უფრო მეტი უცხოელი ყიდულობს ქონებას, ვიდრე აქამდე“, - განმარტა ილია წულაიამ.

„არქის“ დამფუძნებელს იანვართან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვს და ამის თქმის საშუალებას, როგორც წულაია აცხადებს, მას იანვრის ბოლოს გააქტიურებული გაყიდვების აძლევს.

„იანვრის ბოლოს უცხოელებზე უფრო მეტი გაყიდვებიც წამოვიდა, ვიდრე მოლოდინი იყო. ასევე, როდესაც უყურებ რომ დემონსტრაციებია ქუჩაში, რაც დეკემბრის დასაწყისში იყო და მძიმე სანახავი იყო, ბუნებრივია ამ დროს ადამიანები არ წავლენ და ბინას არ იყიდიან, ვიღაცებმა ბინის შეძენა გადადეს, ზოგმა დეკემბერში ვერ იყიდა, ზოგმა სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად გადაწყვეტილება უკვე იანვარში მიიღო, ზოგი თებერვალში მიიღებს გადაწყვეტილებას. თუმცა ბიზნესი ვართ და მოლოდინები პოზიტიურია“, - ამბობს წულაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები