დეკემბერში მზარდია უნაღდო დანახარჯების დინამიკა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ხარჯების კუთხით, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შეფასებისთვის გამოიყენება. შიდა დანახარჯები შედარებით მცირედითაა გაზრდილი, ხოლო მიგრანტების ხარჯვა მეტ-ნაკლებად უცვლელია.
ამის შესახებ TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლებაში წერია. ორგანიზაციის შეფასებით, ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები ნოემბრის მდგომარეობით მაღალ ნიშნულზე რჩება. აღნიშნული, რეინვესტიციების კლებასთან ერთად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან მოსალოდნელ შემცირებაზე მიუთითებს.
TBC Capital-ის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, დაახლოებით, მშპ-ის 3.5%-მდე შემცირდება. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ერთდროულად ხელს უწყობს ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკა და ოქროს ფასები ერთი მხრივ და ნავთობის ფასებისა და ჯამურად იმპორტის კლება მეორე მხრივ, რაც საშუალოვადიან პერიოდში რთულად შესანარჩუნებელი კომბინაციაა. შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2026 წელს მცირედით გაუარესდება და 5%-ს მიაღწევს.
წმინდა სავალუტო შემოდინებებთან ერთად, სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს კვლავ დეპოზიტების ლარიზაციაც განაპირობებს. დღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, დეკემბრის მეორე კვირიდან ლარიზაცია ისევ გააქტიურებულია. ვინაიდან ლარიზაცია სების სავალუტო ინტერვენციებთან მჭიდრო კავშირშია, TBC Capital-ის შეფასებით, აქტიური ინტერვენციები დეკემბერშიც გრძელდება და დღევანდელი მდგომარეობით, სებს დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარი აქვს შეძენილი.
შესაბამისად, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ჯამური შესყიდვები 2.3 მილიარდ დოლარს აღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ნოემბრის ბოლოსთვის სების სავალუტო რეზერვები შესაბამისობის ნორმის 100%-ს დაუახლოვდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ლარის მხარდამჭერი გარემოს შენარჩუნების პირობებში, ინტერვენციები გაგრძელდება. შესაბამისად, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება საბაზო სცენარი არ არის.
მეორე მხრივ, ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, რაც წინასწარ 6.5%-იან მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. ამავდროულად, ზრდის შენელება გარკვეულწილად გასული წლის საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან TBC Capital-ის შეფასებით, სეზონურად შესწორებული რეალური მშპ წინა კვარტალთან შედარებით აჩქარდა. სავარაუდოდ, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა ოქტომბრის 6%-ზე მცირედით მაღალი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ წლიური ზრდა ნორმალიზებას განაგრძობს და 2025 წელს ჯამურად 7.3%-ს მიაღწევს. რაც შეეხება ნომინალურ მშპ-ს, მესამე კვარტალში წლიურმა ზრდამ 11.4% შეადგინა, ხოლო ცხრა თვეში - 12.3%. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ნომინალური მშპ 2025 წელს 104 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
"მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ იმედი, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება. ამავდროულად, კონფლიქტის დასრულების სცენარი, როგორც ეს ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, 2022 წლიდან საქართველოში გაზრდილი სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივ კვლავ რეორიენტაციას მოიაზრებს. მეორე მხრივ, აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია. ორმხრივი არგუმენტების ერთობლიობითა და ომის დასრულების გაზრდილი ალბათობის შესაბამისად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4.5%-ს მიაღწევს. რასაკვირველია, მოცემულ პროგნოზზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ვადები და პირობები, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუმცა აუცილებლად მხედველობაშია მისაღები", - აღნიშნულია TBC Capital-ის მიმოხილვაში.




























