მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დელისა და მუმბაიში საქართველოზე ბანერები განთავსდა - რამდენი დაიხარჯა?

3434

მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთის ქალაქებში, დელისა და მუმბაის ცენტრალურ მოედნებზე, საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინდოეთიდან საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებისა და მაღალმხარჯველი ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინდურ კომპანიასთან, Think Strawberries-თან ერთად მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. ტურიზმის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის ივნისში კომპანია 407 ათას დოლარად დაიქირავა. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მუმბაისა და დელიში ბანერების განთავსების ბიუჯეტი 29 700 დოლარია.

მარკეტინგული კამპანია მოიცავს პრეზენტაციებს, ე.წ. როუდ შოუებს, B2B შეხვედრებს, ციფრულ და გარე რეკლამას. ბეჭდურ და ციფრულ პრემიუმ გამომცემლობებში კი საქართველოს შესახებ სტატიები იბეჭდება. ასევე, რეკლამასა და ვიდეორგოლებს სოციალურ მედიასა და საინფორმაციო აპლიკაციებში.

ამასთან, მიმდინარე წელს ინდოეთიდან საქორწილო ტურიზმის წახალისების მიზნით კომპანია Vivaah Wedding Parties Organizing LLC-სთან 100 800 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორია ტურიზმის სტატისტიკა ინდოეთიდან?

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დროს, 2020 წელს კლების შემდეგ, 2021 წლიდან ინდოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მზარდია და გასულ წელს რეკორდულ 124 335-ს მიაღწია.

ინდოელი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში ინდოელი ვიზიტორების 75 893 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წლიურად 31.4%-იანი ზრდაა და ამ მაჩვენებლით ინდოეთი მეექვსე ადგილზეა TOP ქვეყნების სტატისტიკაში. მიუხედავად ვიზიტების მაღალი რაოდენობისა, აზიური ბაზრები ტურიზმიდან შემოსავლების ძირითადი კონტრიბუტორების TOP 10-ში ვერ ხვდება. 6 თვის მონაცემებით, ინდოეთიდან ვიზიტორების მთლიანი დანახარჯი 110.5 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ ბანერები ივლისში, საფრანგეთის ქალაქებში: პარიზსა და ლიონში განთავსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები