საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთის ქალაქებში: პარიზსა და ლიონში საქართველოს შესახებ მოძრავი ბანერები განთავსდა. ინფორმაციას GNTA ავრცელებს.
უწყების ცნობით, პარიზში, შანზელიზეს, შარლ დე გოლისა და სხვა ტურისტულად დატვირთულ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი 30-ზე მეტი ბანერია წარმოდგენილი, სადაც გამვლელებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ბუნებას, ქალაქებს, კულტურასა და საინტერესო ადგილებს. კამპანიის ფარგლებში, ბანერები საფრანგეთის ქალაქებში სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, რომ უწყება სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.
„საფრანგეთში მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია, პარიზისა და ლიონის ქუჩებში საქართველოს ხედებია გამოფენილი. ჩვენ გვაქვს „როუდ შოუები“, B2B შეხვედრები, პრეზენტაციები, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, სადაც ტურისტებს მოვუწოდებთ, რომ წელს საქართველო აირჩიონ სამოგზაურო მიმართულებად“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
ცნობისთვის, საფრანგეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა მზარდია. 2024 წელს ქვეყანაში საფრანგეთიდან 28 302 ვიზიტი შესრულდა, რაც აღემატება როგორც 2023 წლის [23 555] ასევე პანდემიამდელი - 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს [27 952 ვიზიტი]. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით კი ეს მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მცირედით 2.5%-ით 5 008 ვიზიტამდე შემცირდა.