მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დელიში დივალის დღესასწაულზე გაშვებულმა პიროტექნიკამ ჰაერის დაბინძურება სახიფათო ნიშნულამდე გაზარდა

ინდოეთი

21 ოქტომბერს ინდოეთის დედაქალაქი სქელი სმოგით იყო დაფარული მას შემდეგ, რაც მილიონობით ადამიანმა სინათლის ფესტივალი, იგივე დივალი, ფეიერვერკებით აღნიშნა, რამაც ჰაერის დაბინძურების დონე საშიშ ნიშნულამდე გაზარდა.

ჰაერის სეზონურ დაბინძურებასა და ამინდის პირობებთან კომბინაციაში, პიროტექნიკის დიდი ოდენობით გაშვებამ ჰაერი კვამლითა და მყარი ნაწილაკებით გააჯერა, რის გამოც დელიში ჰაერის ხარისხის ინდექსმა 350-ს გადააჭარბა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის მიხედვით, „მძიმედ“ და სუნთქვისთვის სახიფათოდ ითვლება. ამასთან, ხილვადობა შემცირდა ქალაქის ზოგიერთ ნაწილში, ისტორიული ძეგლები და ტურისტული სანახაობები კი ნაცრისფერმა ნისლმა დაფარა.

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ გასულ კვირას, დივალის დღესასწაულისთვის შეამსუბუქა ნიუ-დელიში ფეიერვერკების გამოყენებაზე დაწესებული საყოველთაო აკრძალვა, მათ შორის „მწვანე ფეიერვერკებზე“, რომლებიც ნაკლებ ემისიას გამოყოფენ. სასამართლომ განაცხადა, რომ მათი გამოყენება შაბათიდან სამშაბათის ჩათვლით, კონკრეტულ საათებში შეიძლებოდა, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვა არ გაკონტროლებულა.

ნიუ-დელი და მისი რეგიონი, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში რეგულარულად ხვდება მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის, როდესაც დივალის დროს გაშვებული პიროტექნიკა, გრილ ამინდსა და მეზობელი შტატების ფერმერების მიერ მოსავლის ნარჩენების დაწვისგან გამოწვეულ კვამლს ემთხვევა.

ნიუ-დელის ხელისუფლებამ დაბინძურების დონის შესამცირებლად არაერთი ინიციატივა დანერგა, მათ შორის სამშენებლო საქმიანობისა და დიზელის გენერატორების შეზღუდვის სახით. თუმცა, გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ყოველწლიური კრიზისის თავიდან ასაცილებლად გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია საჭიროა, როგორიცაა უფრო სუფთა ენერგია და ავტომობილების გამონაბოლქვის უფრო მკაცრი კონტროლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები