ინდოეთის დედაქალაქ დელიში პარასკევს ჰაერის დაბინძურების დონემ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბინძურების სეზონი, რომელიც ინდოეთისთვის ყოველწლიურ პრობლემად იქცა, დაიწყო.
დელიში ჰაერის ხარისხის ინდექსმა 500-ს მიაღწია, რაც ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ დონეს 100-ჯერ აღემატება. ამის გამო ქალაქის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი და სამშენებლო სამუშაოები შეწყდა.
ქალაქში ჰაერის ხარისხი ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად დაეცა, რისი მიზეზიც დელის მომიჯნავე რეგიონებში ფერმერების მიერ სახნავ მიწებზე გაჩაღებული ცეცხლია, რომლის კვამლიც ძლიერ ქარს დედაქალაქისკენ გადააქვს.
მაგალითად, გასულ კვირას პუნჯაბის შტატში ფერმერების მიერ დანთებული ცეცხლის დღიურ ჭრილში 740%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ჰაერის დაბინძურების სხვა მიზეზები ავტომობილების ემისიები, მშენებლობები და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვაა.
დელი თავისი 33 მილიონი მოსახლით მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების რეიტინგში მოწინავე ადგილს რეგულარულად იკავებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება დელის მოქალაქეების სიცოცხლის ხანგრძლივობას 11.9 წლით ამცირებს.
მიუხედავად ქალაქის მთავრობის მტკიცებისა, რომ დაბინძურების წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა არსებობს, დელიში ჰაერის ხარისხი ყოველწლიურად უარესდება და პიკს ნოემბერ-იანვრის შუალედში აღწევს.