სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 2 500 ერთეულ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას გამარტივებული წესით შეისყიდის. უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულ შესყიდვაზე უკვე მიმართა. შესყიდვის საერთო ღირებულება 1 022 500 ევროს შეადგენს.
"დელტამ" ჯამში 2 500 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა უნდა იყიდოს:
-
2000 ცალი — რაკეტა №1 (პატარა);
-
500 ცალი — რაკეტა №2 (დიდი).
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვინაიდან აქტიური სეტყვის სეზონი ნოემბრამდე გრძელდება და ამ დროისთვის სეზონის მხოლოდ ნახევარია გასული, არსებული მარაგი არასაკმარისია.
"მიმდინარე წელს საქართველოში დაფიქსირებული არასტაბილური მეტეოროლოგიური პირობების გამო, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების მოხმარება მნიშვნელოვნად აღემატება წინასწარ დაგეგმილ მოცულობას.
არსებული პროგნოზებისა და ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, შეძენილი სეტყვის რაკეტების მარაგი თითქმის ამოიწურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სეტყვის აქტიური სეზონი ნოემბრის თვემდე გრძელდება. შესაბამისად, რაკეტების მარაგების არარსებობა მნიშვნელოვნად ზრდის სეტყვის შედეგად სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მრავალწლიანი ნარგავების, ინფრასტრუქტურისა და კერძო საკუთრების დაზიანების რისკს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი. შესყიდვის დაგეგმვის ეტაპზე არსებული მეტეოროლოგიური მონაცემები არ იძლეოდა იმ ინტენსივობისა და სიხშირის სეტყვიანი პროცესების პროგნოზირების შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად განვითარდა. შესაბამისად, პირველადი შესყიდვით გათვალისწინებული რაოდენობა აღმოჩნდა არასაკმარისი რეალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
გასულ წლებთან შედარებით 2026 წლის სეზონი ხასიათდება მაღალი ინტენსივობის პროცესებით და არამდგრადი ამინდით. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულია სეზონის მხოლოდ ნახევარი. თითქმის გაორმაგებულია სეტყვასაშიში პროცესები, რის გამოც ღრუბელზე ზემოქმედება გვიწევს ინტენსიურად, სხვა წლებთან შედარებით, ამის გამო გაზრდილია სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების ხარჯიც", - წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
„დელტა“ 2015 წლიდან ახორციელებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვას და ამ დროისთვის, კახეთში 92 ადგილას ფუნქციონირებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა.
უწყებაში აცხადებენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების მარაგები საკმარისი არ არის და ამიტომ ტენდერის გარეშე უნდა იყიდონ ახალი სისტემები.
"შესყიდვის ობიექტის ღირებულებიდან გამომდინარე ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის პროცედურები მოითხოვს მინიმუმ 30 კალენდარულ დღეს წინადადების გასაცნობად და წარსადგენად და არარეზიდენტი პირის შემთხვევაში დამატებით გასათვალისწინებელია ტრანსპორტირებისთვის საჭირო ნებართვების აღება. სეტყვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების სეზონი დაწყებულია და მარაგში არსებული რაოდენობის ამოწურვა შესაძლებელია და სავარაუდოა მოხდეს ტენდერის დასრულებამდე ან ტენდერით შეძენილი საქონლის მოწოდებამდე ან ტენდერის უარყოფითად დასრულების შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობით რაკეტების შესყიდვამდე", - აღნიშნულია დოკუმენტში.


























