გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომ დელტას სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
"რომ არა ეს მექანიზმი, ზარალი ცალსახად მეტი იქნებოდა, ძალიან მძაფრ კლიმატურ პირობებში გვიწევს ცხოვრება, წელს ძალიან გააქტიურდა ეს პროცესი, ამის გათვალისწინებით, მაქსიმუმი კეთდება, რაც შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
მისივე ცნობით, კლიმატური პირობებისგან თავის დასაცავად საუკეთესო მექანიზმი აგრო დაზღვევაა, თუმცა ზოგიერთი ფერმერები მას ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ვერ იყენებს, სწორედ ამიტომ ისინი ფერმერების სუბსიდირებას აგრძელებენ.
"ეს დახმარება, რომელიც 3500 ლარის ფარგლებში მერყეობს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ამ დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მათ საკუთარი ვენახები გადაარჩინონ და ჩვენი კამპანია, რაც აგრო დაზღვევის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გულისხმობს და ვენახის მიმართულებით წელს 50%-დან 70%-მდე გაიზარდა სახელმწიფოს თანამონაწილეობა, ეს გარკვეულ წილად თავის შედეგს იძლევა. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, არ იქნება სწორი, მივატოვოთ ის ადამიანები, რომლებმაც გარკვეული მიზეზის გამო ვერ დააზღვიეს ვენახები", - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.