მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Demaclenko გათოვლიანების 100-მილიონიან ტენდერში სავარაუდო კორუფციაზე აცხადებს და მთავრობას მიმართავს

6287bbcca00b2
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.22 20:07
2801
საქართველოს მთავრობა ბაკურიანში, კოხტა-მიტარბიზე, ასევე დიდველზე გათოვლიანების ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA (მთის ტრასების სააგენტო) ახორციელებს. ორი დღის წინ MTA-მ განაცხადა, რომ მათ გამოავლინეს გამარჯვებული და მასთან 99,900,000 ლარის ხელშეკრულებას გააფორმებენ. საუბარია კომპანია Technoalpin-ზე, თუმცა სახელმწიფო კომპანიას 6 მილიონით ნაკლებ ფასში ამ პროექტის განხორციელებას ასევე საერთაშორისო კომპანია HTI Group – Leitner/Demaclenko სთავაზობდა, რომელიც ხვალ, მედიისთვის პრესკონფერენციის მოწყობას და ტენდერში არსებული დარღვევების საჯაროდ გახმაურებას გეგმავს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია ოფიციალურ საჩივარს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარადგენს.

HTI Group – Leitner/Demaclenko-ს განცხადება:

“29 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში გათოვლიანების სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული 137,828,653-ლარიანი ბაზრის კვლევის წინადადებების წარდგენის ვადა ამოიწურა. პროექტის განხორციელებაზე წინადადება ორმა კომპანიამ წარადგინა - Technoalpin (ავსტრია) წარდგენილი ფასით - 137,798,395 ლარი და HTI Group – Leitner/Demaclenko (იტალია) წარდგენილი ფასით - 91,939,038 ლარი.

პროექტს ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მთის ტრასების კომპანია - „ემ თი ეი“, რომელმაც გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა ორჯერ გადაავადა. ფასთა შორის შთამბეჭდავი სხვაობის მიუხედავად (45 მლნ ლარი), გამარჯვებულ კომპანიად სავარაუდოდ Technoalpin (ავსტრია) გამოცხადდება, რომელმაც, ბურუსითით მოცული გზით და გაურკვეველი პროცედურით პროექტის შესრულების ბიუჯეტი შეამცირა და 99,9 მლნ ლარი წარადგინა.

საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მისაღებია და, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში იქნება განხილული სამთავრობო სდომაზე და ხელმოწერილი პრემიერ-მინისტრის მიერ.

HTI Group – Leitner/Demaclenko აპირებს ოფიციალური გაასაჩივროს „ემ თი ეი“-ს გადაწყვეტილება და ასევე მიმართოს შესაბამის სტრუქტურებს შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ასევე ოფიციალური საჩივარი იქნება წარდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ბიუჯეტის სახსრების არაეფექტიანად გახარჯვის პრევენციის მიზნით და შესყიდვის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსავლენად,” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

HTI Group – Leitner/Demaclenko საკითხის შესახებ პრესკონფერენციას ხვალ, 15:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გამართავს. კომპანიის იურიდიული კონსულტანტია კახა კოჟორიძე.

ბაკურიანის გათოვლიანების პროექტი:

ტენდერის შესახებ bm.ge-იმ სტატია თავდაპირველად 11 მაისს გამოაქვეყნა. აღნიშნული პერიოდისთვის მთავრობას ბაკურიანის გათოვლიანების თაობაზე ორი სატენდერო წინადადება ჰქონდა მიღებული, მათგან პირველი იყო 137,828,653 ლარის წინადადება - კომპანია Technoalpin-ისგან, ხოლო მეორე 91,939,038 HTI Group – Leitner/Demaclenko-სგან.

საკითხთან დაკავშირებით 16 მაისს განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ გამარჯვებული გამოვლენილი ჯერ არ იყო და კომუნიკაცია საბოლოო კონტრაქტის შესახებ გრძელდებოდა. 17 მაისს კი MTA-მ განაცხადა, რომ მათ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინეს და ამ პროექტის განხორციელება 99,900,000 ლარი დაჯდებოდა.

BMG-ის მიერ გაგზავნილი არაერთი კითხვის მიუხედავად, 17 მაისს MTA-მ უარი განაცხადა დაესახელებინა უშუალოდ კონტრაქტორი კოპანია, რომელიც ამ პროექტს განახორციელებდა. როგორც ირკვევა, საუბარია კომპანია Technoalpin-ზე, რაც ნიშნავს, რომ MTA-ს სატენდერო წინადადებების მიღების შემდეგ, ფასის კლებაზე კომუნიკაცია ჰქონდა Technoalpin-თან, თუმცა მას მილიონობით ლარით ნაკლებ ფასად აღნიშნული პროექტის განხორციელებას სთავაზობდა კომპანია HTI Group – Leitner/Demaclenko.

თავად HTI Group – Leitner/Demaclenko-ს განმარტებით, კომპანიას გააჩნია 40-წლიანი გამოცდილება გათოვლიანების სისტემების პროექტირებასა და მონტაჟში. ასევე არაერთხელ აქვთ საერთაშორისო სათხილამურო ჩემპიონატის გათოვლიანების სამუშაოებში მონაწილება მიღებული. სწორედ საერთაშორისო ჩემპიონატის ან ოლიმპიადის გათოვლიანების გამოცდილება იყო MTA-ს ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის წარდგენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები