DemLab-ის პირველი თანამშრომლობა Warner Bro -სთან შედგა. ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში DemLab-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინიკო ბოჯგუამ ისაუბრა. ანიმაციური სერიალის Ricky And Morty ოფიციალურ სოციალურ არხებზე ნიკოლოზ გურიელიძისა და ანა მარკოზაშვილის ილუსტრაციები გამოჩნდა. ნამუშევრები ახალი სეზონის დაწყების მოახლოებას გვამცნობენ.
„თანამშრომლობა Warner Bros. Discovery-ის ქსელის კომპანია Adult Swim EMEA-სთან ერთი პოსტერით უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქართველი ილუსტრატორების საცდელმა ნამუშევარმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, დამკვეთმა გადაწყვიტა სოციალური მედიისთვის ექვსივე პოსტერის შექმნა ჩვენი გუნდისთვის მიენდო,“ - აღნიშნა ნინიკო ბოჯგუამ.
თითოეული პოსტერი ანიმაციის თითო პერსონაჟის თავგადასავალს ასახავს. პოსტერების განთავსება უკვე დაიწყო ევროპული ბაზრის საკომუნიკაციო არხებზე.
„დღეში დაახლოებით ერთ პოსტერს ვაკეთებდით, რადგან ძალიან ცოტა დრო გვქონდა. შემოქმედებითი თვალსაზრისით, თავისუფლები ვიყავით. ამ ყველაფერმა კი გვასწავლა, რომ თუ მოინდომებ, თუ იშრომებ და თუ დაიჯერებ, აუცილებლად ყველაფერი გამოგივა,“ - განაცხადა ნინიკო ბოჯგუამ.
ინფორმაციისთვის, „დემლაბი“ არის ფროდაქშენ კომპანია, რომლის გუნდი 25 ადამიანისგან შედგება.