მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დემნამ BALENCIAGA-ს ბოლო კოლექცია წარადგინა - რა ქონებით ტოვებს ბრენდს ქართველი დიზაინერი?

დემნა

Balenciaga-ში გატარებული 10 წლის შემდეგ, ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ბრენდთან გამოსამშვიდობებელი ბოლო ჩვენება გამართა. Balenciaga-ს 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია დემნამ პარიზში, მაღალი მოდის კვირეულზე წარადგინა. ჩვენება გამორჩეული იყო იმითაც, რომ მასში მონაწილეობას იღებდნენ სუპერმოდელი ნაომი კემპბელი და Balenciaga-ს ბრენდის ამბასადორი, კიმ კარდაშიანი. დასრულდა ბრენდისთვის "გარდაქმნების ათწლეული", რომელსაც დემნა გვასალია ხელმძღვანელობდა.

"ეს კოლექცია იდეალური გზაა ჩემთვის, რომ Balenciaga-ში გატარებული ათწლეული დავასრულო. სხვადასხვა ლუქი ფოტოზე პარიზის მასშტაბით იქნება აღბეჭდილი, რაც ერთგვარი პატივის მიგება იქნება ადგილისთვის, სადაც კარიერა დავიწყე", - წერს გვასალია შოუს აღწერაში.

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის პოზიციაზე დემნა გვასალიას ბოლო დღეების აღსანიშნავად მოდის სახლმა მისი ყველაზე საკულტო და გახმაურებული შემოქმედების გამოფენა გამართა; პარიზში, ბრენდის მფლობელ Kering-ის ისტორიულ სათავო ოფისში დემნას მიერ შექმნილი 101 ნივთი 9 ივლისამდე იქნება გამოფენილი.

დემნა გვასალიას კარიერა Balenciaga-ში 2015 წელს დაიწყო. მას შემდეგ მისი სახელი ინდუსტრიაში ავანგარდისა და მოდის ინოვაციის პირდაპირ სინონიმად იქცა. გვასალიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე მოდის ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში, მისმა უნიკალურმა ხედვამ კი, ბრენდის ცნობადობასთან ერთად, დიზაინერის ქონებაც გაზარდა.

დემნა გვასალიას ქონების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. არც ის ვიცით, რამდენს უხდის კრეატიულ დირექტორს Balenciaga. თუმცა მისი წარმატება და მაღალი როლი მოდის ინდუსტრიაში გვაფიქრებინებს, რომ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელს მრავალმილიონიანი ქონება აქვს დაგროვებული. კერძოდ, როგორც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, ასევე ბრენდ Vetements-ის თანადამფუძნებლისა და აქციონერის ქონება, სავარაუდოდ, $25-35 მილიონს აღწევს, რაც მას ინდუსტრიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცევს. მართალია, ამ მაჩვენებლით ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოდის ისეთ მაგნატებს, როგორებიც, მაგალითად, ჯორჯიო არმანი ან რალფ ლორენი არიან, თუმცა 44 წლის დიზაინერის გავლენა და უნიკალური პოზიცია მოდის ინდუსტრიაში შეუფასებელია.

მიმდინარე თვიდან გვასალია ასევე Kering-ის მფლობელობაში არსებულ ბრენდს, Gucci-ის კრეატიულ მიმართულებას გაუძღვება. ასევე არ არის ცნობილი, რამდენს გადაუხდის იტალიური მოდის სახლი დემნა გვასალიას, სხვადასხვა პლატფორმის თანახმად, Gucci-ის კრეატიული დირექტორის წლიური ანაზღაურება საშუალოდ $172 485-ს შეადგენს. სავარაუდოდ, გვასალიას შემთხვევაში ეს რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები