მოდის სფეროს გლობალური გიგანტები კრიზისში აღმოჩნდნენ. ლუქს-ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები ბოლო თვეებია ზარალზე მუშაობენ, მათი ნაწილი კი საფონო ბირჟიდანაც კი გარიცხეს.
კერძოდ, Kering-ს უკვე მილიარდიანი ზარალი აქვს განცდილი, LVMH-ის ზრდა ისტორიულადაა შენელებული, Dior-ი კი იტალიურ სკანდალში გაეხვა. ჯამურად ბაზარმა უკვე 20 მილიონი მყიდველი დაკარგა.
მიზეზებზე საუბრისას უპირველესად ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ 2025 წელს ლუქს-პროდუქციის აქტიური მყიდველების რაოდენობა 330 მილიონამდე შემცირდა. რაც ნიშნავს იმას, რომ მოდის ინდუსტრიის მომხმარებელთა ბაზის ათწლიანი ზრდა სრულად გაქარწყლდა და პირდაპირ 2013 წლის ნიშნულს დაუბრუნდა. ინფორმაციისთვის, მთელი ერთი დეკადის განმავლობაში სფერომ 20 მილიონი ახალი აქტიური კლიენტის მოძიება შეძლო.
კრიზისის ეპიცენტრში ფრანგული გიგანტი Kering-ი მოექცა. ჯგუფის კონსოლიდირებული შემოსავალი 2022 წლის 20.3 მილიარდი ევროდან 14.7 მილიარდამდე ჩამოვიდა, წმინდა მოგება კი 29-მილიონიან ზარალში გადაიზარდა. ამის მიზეზი, როგორც ირკვევა, საკულტო ბრენდ Gucci-ზე გადამეტებული დამოკიდებულება გახდა.
კერძოდ, Kering-ის შვილობილი Gucci-ს შემოსავლები, გაყიდვების კლების გამო, 43%-ით დაეცა, ხოლო საოპერაციო მოგება 74%-ით შემცირდა, რის გამოც თავად Kering-ის აქციების ღირებულებაც ისტორიული პიკიდან უკვე 74%-ით არის შემცირებული. შედეგად, კომპანიას მხოლოდ ჩინეთში 18 მაღაზიის დახურვა მოუწია და დივიდენდების გაცემაც მკვეთრად შეამცირა.
რა დაემართა ბაზარს?
როგორც ინდუსტრიის ექსპერტები აღნიშნავენ, მოდის სექტორის გიგანტებმა რეალობის შეგრძნება დაკარგეს. პანდემიის შემდგომ მათ პროდუქტების გაძვირება აგრესიულად, ინფლაციასთან სრულად შეუსაბამოდ დაიწყეს და საშუალო შეძლების მომხმარებლები, რომელთაც შესაძლოა მხოლოდ ერთი ჩანთის ან აქსესუარის შეძენა სურდათ, ბაზრიდან განდევნეს.
კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც ანალიტიკოსები მოდის ინდუსტრიის შესუსტების გამომწვევად ასახელებენ ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისია. ქვეყანაში, სადაც ოჯახების ქონების 60% სწორედ ბინებშია დაბანდებული, ახალგაზრდების უმუშევრობამ კი 21%-ს გადააჭარბა, საზოგადოდ გაჩნდა ახალი ფენომენი - „ფუფუნების სირცხვილი“, როცა მომხმარებლები უარს ამბობს ძვირად ღირებულ დასავლურ ბრენდებზე, რადგან ეს საზოგადოებაში მათ უარყოფითად წარმოაჩენს. ეს კი ნიშნავს, რომ Hermes-ის, Louis Vuitton-ისა თუ სხვათა ლოგოებიანი ნივთებით სიარულმა დიდწილად მნიშვნელობა დაკარგა.
თუმცა ყველაზე მძიმე დარტყმა ბაზარს მაინც თავად ბრენდების ექსკლუზიურობისა და ევროპული ოსტატობის მითის დამსხვრევამ მიაყენა. კონკრეტულ მაგალითად ანალიტიკოსები Christian Dior-ს ასახელებენ, რომლის გარშემოც ბოლო პერიოდში სკანდალი ატყდა. მილანის სასამართლოს გამოძიებამ გამოავლინა, რომ Dior-ი ჩანთების შესაკერად არალეგალურ, ჩინურ მიწისქვეშა სახელოსნოებს იყენებდა, სადაც ადამიანები უმძიმეს პირობებში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.
რაც მთავარია, ჩანთის აწყობაში Dior-ი ქვეკონტრაქტორს სულ რაღაც 53 ევროს უხდიდა, ხოლო მაღაზიებში ზუსტად ამ ჩანთას 2,600 ევროდ, ანუ თითქმის 50-ჯერ უფრო ძვირად ყიდდა.
ამან საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ასტრონომიული ფასების უკან არა უნიკალური ევროპული ოსტატობა, არამედ იაფფასიანი შრომა და მარკეტინგული ილუზია იდგა. შედეგად, შემცირდა გაყიდვები და მსოფლიოს უმსხვილესი კონგლომერატისა და Dior-ის მფლობელი LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ნახევარტრილიონიანი ნიშნულიდან 319 მილიარდ ევრომდე ჩამოქვეითდა.
საფონო ბირჟაზე პრობლემები შეექმნა ხელმისაწვდომი ლუქსის სეგმენტის წარმომადგენელ ბრიტანულ Burberry-საც, რომელმაც ფასების გაზრდით პარიზულ სახლებთან კონკურენცია გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ ის ლონდონის პრესტიჟული ინდექსიდან, FTSE 100-დან 15-წლიანი ყოფნის შემდეგ გარიცხეს, რადგან კომპანიის მოგება ამ ჩავარდნილმა ექსპერიმენტმა 94%-ით შეამცირა.
ამავდროულად, კრიზისში ჩავარდა Versace-ს მფლობელი Capri Holdings-იც, რომელსაც ამერიკულმა ანტიმონოპოლიურმა ორგანომ Tapestry-სთან $8.5-მილიარდიანი შერწყმა ჩაუშალა. შედეგად, Kors-ისა და Versace-ს მფლობელი Capri-ის აქციები ერთ დღეში 48%-ით შემცირდა, ვალების გასასტუმრებლად კი კომპანია იძულებული გახდა, Versace 1.25 მილიარდ ევროდ Prada-სთვის მიეყიდა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოდის ინდუსტრიაში უსაფუძვლო გაძვირებისა და ლოგოებით მანიპულირების მსურველი ყველა კომპანია რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. შესაბამისად, მათ, ვინც მომხმარებლის ხარჯზე სოლიდური სარგებლის მიღება სცადეს, ბოლო თვეებში მილიარდობით დოლარის ზარალი მიიღეს.
























