ევროპის უმსხვილესი ლუქს-კომპანიების ერთობლივი საბაზრო კაპიტალიზაცია მიმდინარე წელს €251 მილიარდით ($270 მლრდ.) შემცირდა.
როგორც გამოცემა Financial Times-ი წერს, ევროპული სექტორის ვარდნა ჩინელი მომხმარებლების მხრიდან ხარჯების შემცირებამ და საფონდო ბირჟებზე არსებულმა რყევებმა განაპირობა.
ფინანსური დანაკარგების უდიდესი წილი LVMH-სა და Hermès-ზე დაფიქსირდა. ამ ორ გიგანტზე საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირებამ €131.6 მილიარდი ($142 მლრდ.) და €93.3 მილიარდი ($100 მლრდ.) შეადგინა.
უარყოფით მოცემულობას დაემატა ისიც, რომ მიმდინარე თვეში LVMH-ის, Hermès-ისა და Kering-ის კვარტალურმა შედეგებმა წინასწარ შემცირებულ მოლოდინებსაც ვერ უპასუხა.
ინფორმაციისთვის, ჩინელი მყიდველების მოთხოვნა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინდუსტრიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. როგორც ირკვევა, უძრავი ქონების გაჭიანურებულმა კრიზისმა და საფონდო ბირჟის სისუსტემ ქვეყანაში შიდა მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა.
მსოფლიოს მეორე უმსხვილეს ეკონომიკაში საცალო გაყიდვების საშუალო ყოველთვიურმა ზრდამ ბოლო ექვს თვეში 0.5%-ზე ნაკლები შეადგინა. LVMH-ის მოდისა და ტყავის ნაწარმის მიმართულებით ჩინელი კლიენტების გლობალური გაყიდვები კი 15%-მდე შემცირდა.
კომპანიის ფინანსური დირექტორის, სესილ კაბანის განცხადებით, გაყიდვების შენელება ძირითადად ჩინელმა მომხმარებლებმა განაპირობა. როგორც მან თქვა, Kering-ის ჯგუფში ჩინელ მომხმარებლებზე გაყიდვების მაჩვენებელმა მესამე კვარტალში 15-დან 20%-მდე იკლო.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზრის დინამიკა Hermès-ზეც აისახა და ბრენდის მზა სამოსისა და აქსესუარების გლობალური გაყიდვების 2%-ით შემცირება გამოიწვია.
პარალელურად, მაღალი კლასის პროდუქციაზე მოთხოვნა აშშ-ის ბაზარზეც შესუსტდა. Citi-ს საკრედიტო ბარათების მონაცემებით, გასულ სამ თვეში ლუქს-სეგმენტში ხარჯები სულ მცირე 4%-ით შემცირდა. როგორც ირკვევა, ამერიკელი მომხმარებლების აქტივობაზე უარყოფითი გავლენა გაზის ფასების ზრდამ, საფონდო ბირჟების ვარდნამ და მოახლოებულმა შუალედურმა არჩევნებმა იქონია.
























