ამ ბლოგის წაკითხვა ყველაზე მეტად ჩემს შვილს და მის თაობას გაუხარდება - მათ, ვინც იცის K-Pop-ი რა არის.
აბა, გიორგი ისაკაძეს ინჩეონიდან რომ მივწერე, ჩემთვის არატიპიური ბლოგის დაწერა მინდა K-Pop-ზე და რას იტყვი-მეთქი, საპასუხოდ ცოტა ხანს არაფერი დაუბეჭდავს - მერე: და მაინც რაზეო, აღიარა.
დიახ, ასეა, ამ ინდუსტრიაზე ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ - არც მე ვფიქრობდი, სანამ სამხრეთ კორეაში არ ამოვყავი თავი.
აქ დავრწმუნდი, რომ სამხრეთ კორეა არა მხოლოდ თავისი ინოვაციურობით არის გასაოგნებელი ქვეყანა, არამედ იმითაც, რომ თავისი კულტურის ეს ნაწილი - K-Pop-ი ექსპორტზეც კი გაიტანა, მთელს მსოფლიოში.
პანდემიის დროს, K-Pop ჯგუფმა BTS-მა ახალი რეკორდი მოხსნა: სიმღერამ - Dynamite - 24 საათში 101 მილიარდ ნახვაზე მეტი დააგროვა. 2022 წელს ამ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ჯარში ემსახურათ. მთელი საერთაშორისო მედია და ანალიტიკოსები მაშინ ითვლიდნენ, რამდენს დაკარგავდა კანონის დაცვისა და ყველასთვის თანასწორობის მოტივით სამხრეთ კორეის სახელმწიფო, რადგან ამ გადაწყვეტილების გამო, ჯგუფი სულ მცირე 2025 წლამდე ვეღარ შეიკრიბება.
ჰიუნდაის ინსტიტუტის შეფასებით, 2017 წელს ქვეყანაში შემოსული ყოველი 13 ტურისტიდან 1 BTS-ის გამო ჩამოვიდა. მხოლოდ იმ წელს BTS-ის სამარკო ნიშნით 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოსმეტიკა და სუვენირები გაიყიდა.
2018 წელს ანალიტიკოსებმა შეაფასეს, რომ BTS-ის წვლილი სამხრეთ კორეის ეკონომიკაში 26 საშუალო ზომის კომპანიის ჯამურ კონტრიბუციას აჭარბებდა, რაც ყოველწლიურად 3.6 მილიარდ ამერიკულ დოლარს უდრიდა.
2018 წლის შემდეგ, ეს რიცხვი მხოლოდ მზარდი იყო და შარშანდელი გათვლებით, წლიურად 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია. ამას გარდა, ამავე შეფასებით, 2014-2023 წლებში BTS-ის კონტრიბუციას სამხრეთ კორეის ეკონომიკაში შესაძლოა 29.1 ტრილიონი ამერიკული დოლარისთვის მიეღწია.
და ეს მხოლოდ ერთი - ყველაზე წარმატებული - ჯგუფის მონაცემებია. ამიტომაც, წელს, ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე ინჩეონში, სამხრეთ კორეაში ნობელიანტ ეკონომისტს მაიკლ კრემერს ამ ქვეყნის კულტურის ექსპორტზეც დაუსვეს კითხვა - თხოვეს, შეეფასებინა, რამ გამოიწვია მთელს მსოფლიოში K-Pop-ის ასეთი ბუმი. ამ კითხვას მაიკლ კრემერმა ძალიან საინტერესო პასუხი გასცა - „ვფიქრობ, ამის მიზეზი სამხრეთ კორეის გადაწყვეტილებაა, გახდეს დემოკრატია. მთავრობის უფრო ლიბერალურმა მიდგომებმა ცენზურის და პროტექციონიზმის მიმართ, შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო“.
პირველად დავფიქრდი, რომ დემოკრატიას, კონკურენციას და ეკონომიკურ თავისუფლებას შესაძლოა ასეთი შედეგიც ჰქონდეს - კულტურის კომერციალიზაცია ისე, რომ ამან ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვაფასებთ K-Pop-ს, მოგვწონს თუ არა, ვუსმენთ თუ არა - შეუძლებელია მისი გავლენა უგულებელვყოთ ბირჟებზე, ეკონომიკაზე, სამხრეთ კორეის ცნობადობაზე და ა.შ. მხოლოდ BTS-ს იმდენივე შემოსავალი მოაქვს სამხრეთ კორეის ბიუჯეტისთვის, რამდენიც ეროვნულ ავიახაზებს - Korean Air-ს.
K-Pop-ის წარმატების ნობელიანტ ეკონომისტზე უფრო ტრივიალური ახსნაც არსებობს, ცხადია. მაგალითად: მარტივი მუსიკა და რიტმი, რომელიც ცეკვისკენ გიბიძგებს - ეს აჩვენა 2021 წლის კვლევამ. ამავე კვლევით, რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ K-Pop-ი სცდებოდა მხოლოდ ფანების სივრცეს და გაცილებით უფრო ფართოდ იყო ცნობილი.
ფაქტია, K-Pop-ი დღეს უდიდესი ბიზნესია. GenZ-ის თუ მუსიკის გამო მოსწონს, Gen X-მა და Millenial-ებმა შეგვიძლია რიცხვების გამო დავაფასოთ - როგორც მე და ჩემი შეხსენებით, ახლა უკვე გიორგი ისაკაძემაც.
P.S. სხვათაშორის, ამ ბლოგის ფოტოზე რომ K-Pop-ის კუთხეს ხედავთ - არც მეტი, არც ნაკლები - ADB-ის ყოველწლიურ 56-ე შეხვედრაზეა წარმოდგენილი და ყოველდღიურად, დღეს ინჩეონში ამ შეხვედრისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი ადამიანი აკითხავს.