ეკონომისტი არჩილ იაკობაშვილი ამბობს, რომ The Economist-ის ინდექსში საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუარესების მთავარი მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობა გახდა. შესაბამისად, ვითარების გაუმჯობესების ერთადერთი გზა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.
"[ინდექსის ზრდას] სჭირდება პოლიტიკური რისკების შემცირება და პოლიტიკური სტაბილურობის გაზრდა. არჩევნები არის საშუალება პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის და ასევე არჩევნები არის საშუალება დემოკრატიაზე გასვლის. თითქმის ყველა ქვეყანაში, რომელსაც The Economist-ი აკვირდება ინდექსის გამოთვლისას მათ შორის, ავტორიტარულ რეჟიმებში არჩევნები ტარდება, მაგრამ კითხვა ისმის არჩევნების შედეგად გადის თუ არა ქვეყანა დემოკრატიულ შედეგზე. ანუ არის თუ არა ქმედუნარიანი ხელისუფლება, რომელსაც ძლიერი ოპოზიცია ჰყავს. თუ ასეთი დემოკრატიული შედეგი დადგება, მაშინ ხარისხი ისევ გაიზრდება. 2013-2016 წლებში საქართველო ყველაზე ახლოს იყო დემოკრატიულ ჯგუფში გადასვლასთან, რადგან ქვეყანა იმართებოდა კოალიციური ხელისუფლების მიერ და მას ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია", - ამბობს იაკობაშვილი.
ბრიტანული გამოცემა The Economist-ის 2024 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველომ ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც ინდექსში ყოფნის პერიოდში საქართველოს ჰქონია. საქართველოს ქულა 0.51-ით, 4.70-მდე გაუარესდა, შედეგად ქვეყანამ 2023 წელს არსებული 89-ე ადგილიდან 94-ე ადგილამდე გადაინაცვლა.
ინდექსის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი მაქსიმალური იყო 2013 წელს, როდესაც ის 5.95 ქულით ფასდებოდა, რის შედეგადაც საქართველო 78-ე ადგილს იკავებდა. ასევე მაღალი ქულა ნარჩუნდებოდა 2017 წლამდე და ის 5.93-ს შეადგენდა, უკვე 2018 წლიდან მოყოლებული კი ის ჯერ 5.50-მდე, შემდეგ 5.42-მდე (2019), 5.31 (2020), 5.12 (2021), 5.20 (2022), 5.20 (2023), 2024 წელს კი 4.70-მდე შემცირდა. არსებული შედეგით, საქართველო კვლავ ჰიბრიდული დემოკრატიის რეჟიმის კატეგორიაში იმყოფება.


























