მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დემოკრატიული უკუსვლა და EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერება - EBRD-ი საქართველოს რისკებზე

EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიუთითებს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი პოლიტიკური რისკებია - ამის შესახებ EBRD-ის ახალ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში არის აღნიშნული.

თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, EBRD-მა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაზარდა. EBRD-ის განმარტებით, წელს საქართველოში ფაქტობრივი ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე ისინი თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რაც მნიშვნელოვანწილად ICT სექტორის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. ეკონომიკური რისკებიდან EBRD კლებად FDI-სა და მზარდ ინფლაციაზეც საუბრობს.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის 9.4%-იდან 2025 წლის პირველ ნახევარში 8.3%-მდე შენელდა. ზრდას ხელს უწყობდა საკრედიტო ექსპანსია, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და განათლების სექტორების გაძლიერება და მომსახურების ექსპორტის ბუმი.

ინფლაცია, რომელიც 2024 წელს საშუალოდ 1.1% იყო, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 3.5%-მდე გაიზარდა - ოდნავ მეტი, ვიდრე ეროვნული ბანკის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი უცვლელად 8%-ზე ნარჩუნდება.

ფისკალური და საგარეო პოზიციები სტაბილურად გამოიყურებოდა, რასაც მხარს უჭერს ტურიზმის მდგრადი ზრდა. თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში შემცირდა, რაც ინვესტორთა სიფრთხილის შედეგია. ამავდროულად, საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოში 5.2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც სამ თვეზე მეტი იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.

2025 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 7%-ზე არის ნავარაუდევი, ხოლო 2026-ში 5%-მდე შენელდება. პოზიტიურ რისკებს შორისაა გარე მოთხოვნის გაძლიერება და მომსახურების სექტორის სტაბილური დინამიკა. ნეგატიურ რისკებს ქმნის გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება დემოკრატიული უკუსვლის გამო და ინვესტორთა მზარდი სიფრთხილე.

ინვესტორთა ნდობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი იქნება მაკროეკონომიკური ბუფერების შენარჩუნება და ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა,"- აღნიშნავს EBRD.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები