მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დემპინგზე არცერთი განაცხადი არ შემოსულა”- კონკურენციის სააგენტო

6215ff2685b85
ანუკა ჯოხაძე
23.02.22 14:04
1339
კონკურენციის სააგენტო 2021 წლის 1 ივნისიდან უფლებამოსილია ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულება უზრუნველყოს, თუმცა იმისთვის, რომ კონკურენციის სააგეტოში დემპინგურ იმპორტზე განაცხადი დაფიქსირდეს, კომპანიამ დემპინგური იმპორტი ფაქტებით უნდა დაასაბუთოს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებამდე კონკრეტული სექტორები აქტიურად საუბრობდნენ აღნიშნულ პრობლემაზე და ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებასაც ითხოვდნენ, როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, ამ დრომდე დემპინგზე განაცხადი სააგენტოში არ დარეგისტრირებულა.

ირაკლი ლექვინაძის ვარაუდით, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ბიზნესების მხრიდან მტკიცებულებების წარმოდგენის საკითხს, რომელიც დემპინგურ იმპორტზე განაცხადის დასარეგისტრირებლად აუცილებელია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე შესაძლოა, კომპანიები მტკიცებულებებს აგროვებდნენ, რის საფუძველზეც განაცხადის მიღება მოხდება.

“ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე კომპანიები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ და ეს ყველასთვის ცნობილია. მათ შორის სამშენებლო მასალების და მძიმე ინდუსტრიის, ასევე აგრარული სფეროს წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გვესმოდა პრობლემების შესახებ. კონკრეტული განაცხადის შემოტანამდე, ჯერჯერობით, საქმე არ მისულა. ამ მიმართულებით არცერთი განაცხადი კონკურენციის სააგენტოში რეგისტრირებული არ არის. ამას რამდენიმე ფაქტორს ვუკავშირებთ: პირველი ის, რომ კანონმდებლობის შემოტანამ შესაძლოა ითამაშა პრევენციური ხასიათი და შესაძლოა, იმპორტიორებმა აღნიშნულ საკითხს განსხვავებულად შეხედეს; მეორე ფაქტორი კი შეიძლება იყოს ზოგადად მტკიცებულებების წარმოდგენის სირთულე, რაც არ არის მარტივი პროცესი, რადგან ჩვენი კანონმდებლობით, თუ კომპანია თვლის, რომ მისი კომპანიის მიმართ დემპინგურ იმპორტს აქვს ადგილი, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს", - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები