მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დენის გაძვირების მიზეზი საინვესტიციო ხარჯებთან ერთად, შესასყიდი ელექტროენერგიის ფასიც იყო - Galt & Taggart

ელექტროენერგია

Galt & Taggart-ში შეფასებით, ტარიფის ზრდა მხოლოდ ქსელის საინვესტიციო ხარჯებით არ არის გამოწვეული და მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიებს შესასყიდი ელექტროენერგიაც გაუძვირდათ.

ამას გარდა, საინვესტიციო ბანკში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასი ინფლაციაზე 0.7 პროცენტული პუნქტით აისახება.

Galt & Taggart-ის ცნობითვე, გაზრდილი საინვესტიციო ხარჯები ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განახლებას და ავარიული გათიშვების შემცირებას, განსაკუთრებით რეგიონებში.

ასევე ელექტროენერგიის გაძვირება გააძლიერებს ბიზნესის ინტერესს საკუთარი გენერაციის წყაროები ჰქონდეთ.

რაც შეეხება გაძვირების მიზეზებს,

"ტარიფის ზრდა პირდაპირ ზრდის კომუნალურ ხარჯს როგორც მოსახლეობისთვის, ისე იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას საცალო ბაზრიდან ყიდულობენ. ჩვენი შეფასებით, ცვლილებას რამდენიმე დამატებითი ეფექტიც ექნება:

  • ტარიფის ზრდა ფასების საერთო დონეზე (ინფლაციაზე) დაახლოებით 0.7 პროცენტული პუნქტით აისახება.
  • გაზრდილი საინვესტიციო ხარჯები ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განახლებას და ავარიული გათიშვების შემცირებას, განსაკუთრებით რეგიონებში.
  • ელექტროენერგიის გაძვირება გააძლიერებს ბიზნესის ინტერესს საკუთარი გენერაციის წყაროების მიმართ, როგორც ეს 2021 წლის ტარიფის მკვეთრი ზრდის შემდეგ გამოჩნდა.
  • გადამცემი ქსელისა და ქვესადგურების რეაბილიტაციამ შესაძლოა მცირე სადგურების ქსელთან დაერთების ხარჯიც შეამციროს", - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

1 აპრილიდან ელექტროენერგიის საცალო ტარიფი მოსახლეობისთვის კვტ.სთ-ზე 5 თეთრით გაიზარდა, რაც საშუალოდ 27%-იანი ზრდაა, ხოლო ბიზნესისთვის 4-7 თეთრით, რაც საშუალოდ 20%-იანი ზრდაა. ტარიფის ცვლილება შეეხება როგორც თელმიკოს (თბილისი), ისე ეპჯ მიწოდების (რეგიონი) მომხმარებლებს.

საცალო ტარიფი ძირითადად შედგება 3 ნაწილისგან: გადამცემი ინფრასტრუქტურის ტარიფი, ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება და სახელმწიფო გადასახადები. საბოლოო საცალო ტარიფის ზრდაზე პირველ ორ კომპონენტს ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი.

ინფრასტრუქტურული ნაწილი ასახავს ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურებისა და გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის, გაძლიერებისა და გაფართოების ხარჯს. შესაბამისად, ორივე სადისტრიბუციო არეალში ტარიფის ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ქსელში ინვესტიციების ზრდას უკავშირდება.

რეგიონებში დიდი გავლენა აქვს ენერგო-პრო ჯორჯიას 2026- 30 წლების საინვესტიციო გეგმას. კომპანია ამ პერიოდში საშუალოდ დაახლოებით 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს წელიწადში, რაც ჯამურად 1 მლრდ ლარზე მეტია. ინვესტიციების მთავარი მიზანია ქსელის რეაბილიტაცია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გათიშვების შემცირება. თბილისში თელასის ქსელში მომდევნო 5 წლის განმავლობაში 400 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია იგეგმება. ეს თანხა მიმართული იქნება ახალი უბნების ქსელზე მიერთების, ძველი მრიცხველების ჩანაცვლებისა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისკენ. დამატებით, ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაც, რომლის ტარიფიც 2025 წელს უკვე გაიზარდა და 2026 წლის ბოლომდე მოქმედებს.

ამასთან, სახელმწიფო ელექტროსისტემა მიმდინარე წელს საინვესტიციო გეგმის განახლებას გეგმავს, რაც შემდგომ წლებში ტარიფზე დამატებითი, თუმცა შედარებით მცირე გავლენის წყარო შეიძლება გახდეს.

ტარიფის მეორე მთავარი კომპონენტი არის ის ფასი, რომლითაც მიმწოდებლები ელექტროენერგიას იძენენ.

ეს კომპონენტი საინვესტიციო ბანკის განცხადებით, გაიზარდა რამდენიმე მიზეზის გამო:

  • პირველ რიგში, იზრდება მოხმარება და დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხშირად შედარებით ძვირი რესურსით ხდება.
  • მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ენგურისა და ვარდნილის ტარიფის ზრდა. ენგურისა და ვარდნილის ტარიფი 2025 წლის იანვრიდან 66%-ით გაიზარდა.
  • ეს სადგურები სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი რესურსია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსახლეობის ტარიფის შედარებით დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებაში.
  • ენგურ-ვარდნილის წილი საცალო მოხმარების დაკმაყოფილებაში დროთა განმავლობაში მცირდება, რასაც ხელს უწყობს მოხმარების ზრდა, ჰიდროლოგიური პირობები და აფხაზეთის მოხმარების დინამიკა.

დამატებით, 2026 წლიდან გაიზარდა ხრამი 1-ისა და ხრამი 2-ის ტარიფიც. ამ სადგურებს მთავრობასთან შეთანხმებული ტარიფების ვადა ამოეწურათ და ისინი სემეკის რეგულირების რეჟიმში გადავიდნენ, რამაც მათი ტარიფების ზრდა გამოიწვია.

"ასევე გაიზარდა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვის როგორც ფასი, ისე მოცულობა. ამაზე გავლენა იქონია თბოსადგურებისთვის გაზის სუბსიდირების მოხსნამ, იმპორტის გაძვირებამ და ახალი სადგურების ექსპლუატაციაში შესვლამ.

შესაბამისად, საცალო ტარიფის ზრდა მხოლოდ ქსელის საინვესტიციო ხარჯებით არ აიხსნება - მნიშვნელოვანი ფაქტორია ელექტროენერგიის შესყიდვის გაძვირებაც", - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები