მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დენის ტარიფი შესაძლოა, მცირედით იმის ხარჯზე გაიზარდოს, რომ კომპანიებს ინვესტიციებს შეუმცირებენ - ენერგეტიკოსი

ელექტროენერგია

სხვადასხვა ფუნდამენტური ფაქტორები იმაზე მიუთითებს, რომ სამი თვის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფი მაინც გაიზრდება - ამის შესახებ ენერგეტიკის ეკონომისტი ლევან ფავლენიშვილი აცხადებს.

საქმე ისაა, რომ სემეკმა ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფების სამი თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ეს კი იმ ფონზე, როდესაც დეკემბერში გაკეთებული განცხადების თანახმად, სემეკი ელექტროენერგიის მიმართულებით სატარიფო ზრდას მოელოდა, რაც გამანაწილებელი კომპანიების ინვესტიციებით იყო განპირობებული, თუმცა ირაკლი კობახიძემ ელექტროენერგიის არსებული ტარიფის შენარჩუნების იმედი გამოთქვა.

როგორც ფავლენიშვილმა BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, შესაძლოა, სემეკმა სამი თვის ვადით ტარიფი იმიტომ შეინარჩუნა, რომ გეგმავს, გამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო გეგმები შეამციროს, რაც ტარიფის შედარებით ნაკლებად ზრდას გამოიწვევს.

ენერგეტიკის ეკონომისტი ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არასწორი იქნება, რადგან ეს ქსელის მდგრადობაზე დადებითად არ აისახება.

მისივე შეფასებით, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას ისეთი ფაქტორები განაპირობებს როგორიცაა გამანაწილებელი კომპანიების მიერ გასაწევი ხარჯები, ლარის გაცვლითი კურსის ცვლილება და ა.შ.

„ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას რამდენიმე ფაქტორი აქვს. რამდენადაც მახსოვს, ბოლოს ტარიფი დადგინდა 2023 წელს. იმის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი მოხდა. ეს არის ლარის გაუფასურება, 2023 წლის დონესთან შედარებით დაახლოებით 10 თეთრით არის ეროვნული ვალუტა გაუფასურებული. გარდა ამისა, საბანკო პროცენტიც მაღალი იყო ამ პერიოდში და [გამანაწილებელ] კომპანიებს როდესაც რეფინანსირება სჭირდებათ თავიანთი საქმიანობის, სავარაუდოდ მაღალი პროცენტი ექნებოდათ. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც შეიძლება იწვევდეს ტარიფის გაზრდის სტიმულს.

კიდევ ერთი საკითხი არის ინვესტიციები. დაგეგმილი მილიარდ-ნახევარი ინვესტიციები „ენერგო-პროსგან“ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს რამდენიმე წელიწადზე ნაწილდება. ინვესტიციები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქსელის საჭიროებები იზრდება, ქსელი ძველდება და გამოცვლა სჭირდება ძალიან ბევრ კომპონენტს, ამიტომაც აუცილებელია რაღაც პერიოდებში ინვესტიციების ზრდა.

ფაქტობრივად, ბოლო წლებში ტარიფების სერიოზული ზრდა არ გვქონია. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეული იყო იმით, რომ შედარებით უფრო კონსერვატიულად უყურებდა სემეკი ინვესტიციების საკითხს და არ აძლევდა უფლებას ქსელის ოპერატორებს, რომ უფრო დიდი ინვესტიციები განეხორციელებინათ. ამიტომ ამ პრობლემების დაგროვებამ გამოიწვია ის, რომ ახლა უკვე ბევრად უფრო დიდი ინვესტიციებია საჭირო და შესაბამისად, აუცილებელი იქნება ტარიფის გაზრდაც.

აქამდე ითქვა, რომ [ელექტროენერგიის] ტარიფი გაიზრდება, შემდეგ ითქვა, რომ ზრდა გადადეს, სავარაუდოდ, ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ახლა არის იმედი, იქნებ კიდევ რამეში შეკვეცონ [ინვესტიციები] რომ ტარიფების ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს. რაც ისევ შეცდომაა, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში სისტემის მედეგობაზე კარგად არ მოქმედებს. შესაძლოა, მცირედით გაზარდონ [ტარიფი] იმის ხარჯზე, რომ კომპანიებს შეუმცირებენ ინვესტიციებს. ნაკლები ინვესტიცია ნიშნავს უფრო ნაკლებად მედეგ ქსელს“, - განაცხადა ლევან ფავლენიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები