მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 მიზეზი, რის გამოც სემეკმა დენის ტარიფი 3 თვით შეინარჩუნა - დავით ნარმანიას განმარტება

სემეკი

2026 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი არ გაიზრდება - დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფების სამი თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, კომისია დღევანდელ სხდომაზე დროებით ტარიფებს დაადგენს, რაც მომდევნო სამი თვის განმავლობაში არსებული ტარიფების უცვლელად დატოვებას გულისხმობს.

სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ნარმანიამ მედიასთან გადაწყვეტილების მიზეზებზე განმარტება გააკეთა, მისი თქმით, არსებული ტარიფების 3 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - კომპანიების თხოვნა: ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა კომისიას პროცესის სამი თვით გადავადების თხოვნით წერილობით მიმართეს; დაუზუსტებელი ბალანსები: ამ ეტაპზე ბოლომდე დაზუსტებული არ არის ელექტროენერგიის ბალანსები და მომდევნო წლის მოსალოდნელი გენერაციის მაჩვენებლები; კონსულტაციები მთავრობასთან: გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ნარმანიას თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან გენერაციის პროგნოზები და ჰიდროსადგურების დერეგულირება მთავრობის პრეროგატივაა. ასევე დავით ნარმანია ამბობს, რომ მათ "ენერგო-პრო ჯორჯიასგან", რომელსაც სემეკთან უკვე ჰქონდა შეთანხმებული 1.5 მილიარდი ლარის საინვესტიციო გეგმა, რაც თავის მხრივ ტარიფის მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნდა ყოფილიყო, სემეკმა მიიღო წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიამ შესაძლოა საკუთარი საინვესტიციო გეგმა დააკორექტიროს.

სემეკმა ენერგოკომპანიებს ჯერ კიდევ 12 დეკემბერს მომდევნო ხუთი წლის საინვესტიციო გეგმა განუსაზღვრა, რაც "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" 1.56 მილიარდ ლარს, "თელასისთვის" კი 400 მილიონი ლარის ოდენობით. სწორედ ამ ფაქტორის ასახვა უნდა მომხდარიყო ახალ ტარიფში, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა აღნიშნული პროცესი 3 თვით გადავადდა, რადგან სემეკ-მა არსებული ტარიფი გაახანგრძლივა.

"კომისიამ იმსჯელა არსებულ გარემოებებზე და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი. სამომხმარებლო ტარიფი შედგება ორი კომპონენტისგან: ერთი ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები, ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისიის შემდგომი გაანგარიშება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული სახით და ასევე კომპანია "ენერგო-პროს" ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მცირედით დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა. ამიტომ ამ მოცულობებზე დაყრდნობით ჩვენ გამოვიყენეთ კანონით ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით სამი თვის ვადით არსებული ტარიფები უცვლელი,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ენერგოკომპანიების ინვესტიციების შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები