მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დენის ტარიფის სამი თვით შენარჩუნება პოპულიზმია" - ვინ გადაიხდის "პოლიტიკური ტარიფის" ფასს?

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ელექტროენერგიის ტარიფის სამი თვით შენარჩუნება და 1-ელი იანვრიდან არგაძვირება, პოლიტიკური პოპულიზმია, რომლის საფასურის გადახდა მოსახლეობას გაუარესებული სერვისით [დენის მიწოდების ხარისხი] მოუწევს.

სემეკი დენის არსებულ ტარიფს 3 თვით ინარჩუნებს, შემდეგ კი ახალ ტარიფს დაადგენს

„იმისთვის, რომ ენერგეტიკული ქსელის ოპერატორმა ინვესტიციები განახორციელოს და სერვისის ხარისხი შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს, ტარიფის ზრდა ობიექტური აუცილებლობაა. ტარიფის არგაზრდა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე მიიღებს უარესი ხარისხის სერვისს. [მცირე თოვლზე და ნიავზეც კი შუქი რომ ითიშება], ეს სწორედ ინვესტიციების ნაკლებობის შედეგია... ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ყველაფერზე ფასები იზრდება, იზრდება ენერგოპროდუქტების თვითღირებულებაც“, - განმარტავს ეკონომისტი.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ხიშტოვანმა აღნიშნა, სემეკის გადაწყვეტილება არა - ეკონომიკურ გათვლებს, არამედ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ეფუძნება და მას გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებლებისთვის ნეგატიური შედეგები ექნება.

ეკონომისტის აზრით, ტარიფის ზრდა გარდაუვალია, თუმცა ხელისუფლებამ მისი გადავადება მაღალი ინფლაციისა და სოციალური ფონის გამო გადაწყვიტა.

„როგორც ჩანს, [ირაკლი კობახიძეს] მრჩევლებმა უთხრეს, რომ ინფლაციის კლების მოლოდინი მარტი-აპრილიდან არის. გადაწყვიტეს, ეს სამი თვე - ზამთარი - გადააგორონ, რათა მოსახლეობაში ნეგატივი კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ფასები ისედაც იზრდება და კიდევ ტარიფის გაძვირება პოლიტიკურად რთული „გასაყიდი“ თემა იქნებოდა. აპრილიდან კი, თუ პროგნოზი გამართლდა და ფასების კლება დაიწყო, ტარიფის ზრდა ნაკლებად მტკივნეული იქნება ხელისუფლებისთვის“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ თავი აარიდა პასუხისმგებლობას, რადგან ტარიფის ზრდის შემთხვევაში, „ისრები პირდაპირ სემეკისკენ ანუ მმართველი გუნდისკენ იქნებოდა მიმართული“.

„წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ხიშტოვანმა ხაზი გაუსვა, რომ პრობლემა არა ტარიფის ობიექტურ ზრდაში, არამედ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და მოქალაქეების შემოსავლების სტაგნაციაშია.

ინტერვიუში გიორგი ხიშტოვანმა ეჭვქვეშ დააყენა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) დამოუკიდებლობაც. მისი თქმით, დავით ნარმანიას აღიარება, რომ გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული, ამის მკაფიო დასტურია.

„მგონია, რომ სემეკი არ არის დამოუკიდებელი; როცა ამბობენ, რომ კონსულტაციები ჰქონდათ მთავრობასთან, ყველასთვის ცხადია, რა ტიპის საუბარი იქნებოდა: კარგ ვარიანტში - ძალიან ზრდილობიანი თხოვნა, ცუდ ვარიანტში - ძალიან ზრდილობიანი მოთხოვნა, რომ ტარიფი არ გაზრდილიყო“, - აღნიშნა მან.

ეკონომისტმა ასევე ისაუბრა ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ნარატივზე „გასაოცარი ეკონომიკური ზრდის“ შესახებ და მას მითი უწოდა. მისი აზრით, ამაში უკვე თვითონ მმართველი გუნდის ლიდერებიც კი დარწმუნდნენ.

„ეს ყოფილი მრჩევლებისა და კონსულტანტების ნარატივი იყო. რეალობა ისაა, რომ ეკონომიკის მანუალური მართვა მხოლოდ დროებით პოპულარულ გადაწყვეტილებებს შობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სისტემას აზიანებს“, - დასძინა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები