2026 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი არ გაიზრდება - დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფების სამი თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, კომისია დღევანდელ სხდომაზე დროებით ტარიფებს დაადგენს, რაც მომდევნო სამი თვის განმავლობაში არსებული ტარიფების უცვლელად დატოვებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში გაკეთებული განცხადების თანახმად, სემეკი ელექტროენერგიის მიმართულებით სატარიფო ზრდას მოელოდა, რაც გამანაწილებელი კომპანიების ინვესტიციებით იყო განპირობებული, თუმცა ირაკლი კობახიძემ ელექტროენერგიის არსებული ტარიფის შენარჩუნების იმედი გამოთქვა.
თუმცა დღეს დავით ნარმანიას განცხადებით, არსებული ტარიფების 3 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - კომპანიების თხოვნა: ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა კომისიას პროცესის სამი თვით გადავადების თხოვნით წერილობით მიმართეს; დაუზუსტებელი ბალანსები: ამ ეტაპზე ბოლომდე დაზუსტებული არ არის ელექტროენერგიის ბალანსები და მომდევნო წლის მოსალოდნელი გენერაციის მაჩვენებლები; კონსულტაციები მთავრობასთან: გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ნარმანიას თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან გენერაციის პროგნოზები და ჰიდროსადგურების დერეგულირება მთავრობის პრეროგატივაა.
"ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა გამანაწილებელ კომპანიებთან თემების დაზუსტებაზე გარდა ამისა გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები ის თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს, აქედან გამომდინარე კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები, რაც იმას ნიშნავს რომ დავადგინოთ 3 თვით ტარიფები შევინარჩუნოთ ელექტროენერგეტიკის სექტორში.
ბატონო დავით, თქვენ განაცხადეთ, რომ მოსალოდნელი იყო ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა ფაქტობრივად გარდაუვალია, რადგან გამანაწილებლებმა 2 მილიარდის ინვესტიციები უნდა განახორციელონ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ კი ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არ ველოდებით. ანუ ეს რას ნიშნავს, გარკვეული გავლენა მოახდინა მთავრობის განცხადებებმა დამოუკიდებელი მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე?
ჩემი ტერმინების ინტერპრეტაციას ძალიან გთხოვთ შევეშვათ. მე ვთქვი, რომ შესაძლოა გაიზარდოს და დავასახელე სხვადასხვა ფაქტორები, რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ტარიფების ზრდა. დღეს ეს ფაქტორები არ გვაქვს, აქედან გამომდინარე ხდება არსებული ტარიფის შენარჩუნება. რაც შეეხება კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია გვქონდა, იმიტომ რომ მთავრობის პრეროგატივაა მთელი რიგი საკითხები ელექტროენერგეტიკის სექტორში, მათ შორის ეს არის ბალანსებთან დაკავშირებული საკითხები, გენერაციების პროგნოზები, ჰიდროსადგურების დერეგულირებასთან დაკავშირებული თემები, რაზეც კომისიის გადაწყვეტილებები არის დაფუძნებული. აქედან გამომდინარე ეს ბუნებრივი პროცესია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.




























