მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

ენერგო-პრო

"ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ ბოცვაძის თქმით, არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა ქვეყნის სრული გათიშვა გამოიწვიოს.

კომპანიაში 24 ივლისს, ქვეყნის ელექტრომომარაგების სრული შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად კომპანიის კუთვნილი 110-კილოვოლტიანი ხაზის, „გეგუთის“ გაჟღერებას ეხმაურებიან.

საქმე ისაა, რომ ქვეყანაში მომხდარი ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასება გასაჯაროვდა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი გარემოება იყო ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია.

მიხეილ ბოცვაძის თქმით, ცალსახაა, რომ გამანაწილებელი კომპანიის რომელიმე ხაზის გათიშვამ, ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის გადაყვანა ავტონომიურ რეჟიმში, მეზობელ ქვეყანასთან არსებული, პარალელური რეჟიმიდან ჩახსნა და ქვეყნის სრული გათიშვა.

"ყოველწლიურად ათობით და შესაძლოა ასობით გათიშვაც კი დაფიქსირდეს კომპანიის კუთვნილ მაღალი ძაბვის ხაზებზე, მაგალითად გასული 18 თვის განმავლობაში, იმავე რეგიონში არსებული ხაზები 11 ჯერ გაითიშა, თუმცა ამას რა თქმა უნდა არ გამოუწვევია 11 ე.წ. ბლექაუთი და არც უნდა გამოეწვია.

აქვე საგულისხმოა, რომ 32 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 2 ბლექაუთი, თუმცა მეორე შემთხვევაში "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზი ვერსიადაც კი არ სახელდება. ალბათ სასურველია ამ ორივე შემთხვევის ერთად განხილვა და დადგენა იმ მიზეზების, რაც ორივე შემთხვევაში მეორდება, ვფიქრობ, სწორედ ეს გამაერთიანებელი გარემოებები განსაზღვრავს შეფერხების რეალურ მიზეზებს“,- თქვა ბოცვაძემ.

მისივე განცხადებით, რა თქმა უნდა რეალური ვერსიის დიდი ნაწილი გამოკვეთილია "თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ვინმესკენ ხელს გავიშვერთ, პირიქით, ამ რთულ ვითარებაში, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დარგში მოღვაწე ყველა პატიოსან პროფესიონალს, სწორედ მათი შრომით მიიღწევა ის მომსახურების ხარისხი, რაც არსებობს, მიუხედავად არცთუ სახარბიელო ინფრასტრუქტურისა“, - ამბობს მიხეილ ბოცვაძე.

ბოცვაძე აღნიშნავს, რომ მთავარია სასწრაფოდ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ბლექაუთი კიდევ არ განმეორდეს, თუმცა, რა თქმა უნდა განსახორციელებელ ქმედებებში, გამანაწილებელი კომპანიის როლი კვლავ მინიმალურია.

"რაც შეეხება უკვე მომხდარს, დაველოდებით მოკვლევებს, კომისიის დასკვნას თუ გამოძიების შედეგებს, რამაც საბოლოოდ პასუხები უნდა გასცეს ყველა დასმულ კითხვას“, - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა. შეფერხებები 25 ივლისსაც დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით სემეკი ადმინისტრაციულ მოკვლევას აწარმოებს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან, თუმცა დაახლოებით 00:10 საათზე მოხდა ორი ენერგოსისტემის გამიჯვნა, რის შემდეგაც საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში დარჩა. კომისიის ინფორმაციით, დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, რასაც კასკადური გამორთვები და საბოლოოდ ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები