მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია დენის სისტემური გათიშვის საკითხზე სემეკის სამუშაო ჯგუფის შესწავლის პირველადი შეფასება

ელექტროენერგია

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2026 წლის 24 ივლისს მომხდარ სასისტემო ავარიასთან დაკავშირებით საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასება მოისმინა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, 2026 წლის 24 ივლისს, საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით. დაახლოებით 00 საათსა, 10 წუთზე და 49 წამზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.

„აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, დღეის მდგომარეობით და სსეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი – გახლავთ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი – საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობის ნაწილში“, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის წევრმა, თორნიკე აფრიაშვილმა, რომელიც სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებს.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით იყო გათიშული 25 ივლისსაც. სემეკ-მა ამ ეტაპზე 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები