მაისში საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი მოცულობა მხოლოდ 43.2 მლნ კვტ.სთ იყო. როგორც ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, OMNIA-ს მიერ მომზადებულ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, ბოლო ერთ წელში დენის ტრანზიტის მოცულობა თითქმის 966 მლნ კვტ.სთ იყო.
უშუალოდ მაისის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს გადამცემი ხაზების გავლით აზერბაიჯანმა თურქეთს მიაწოდა ელექტროენერგია. ზოგადად, ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის საქართველოს ძირითადად აზერბაიჯანი იყენებს თურქეთისთვის დენის მისაწოდებლად.
წლევანდელი ტრანზიტის სტატისტიკა ასეთია:
- მარტი - 20.45 მლნ კვტ.სთ (აზერბაიჯანიდან-თურქეთში);
- აპრილი - 119 მლნ კვტ.სთ (აზერბაიჯანიდან-თურქეთში); 40.4 მლნ კვტ (რუსეთიდან თურქეთში);
- მაისი - 43.2 მლნ კვტ.სთ (აზერბაიჯანიდან-თურქეთში);
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან დენის ტრანზიტი შეჩერებული იყო და მხოლოდ წელს მარტში განახლდა. 2025 წლის ხუთ თვეში ჯამში 223 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა, რაც 33%-იანი კლებაა წლიურად. 2023 წელს საქართველოს გავლით რეკორდული მოცულობის ელექტროენერგია გავიდა ტრანზიტზე - 3.4 მილიარდი კვტ.სთ. თუმცა შარშან მოცულობა 70%-ით შემცირდა. მიზეზი სავარაუდოდ, თურქეთში ელექტროენერგიის ფასის კლება იყო, რის გამოც თურქეთში დენის გაყიდვა შემცირდა.




























