2026 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან ელექტროენერგიის ტრანზიტი არ ყოფილა. როგორც წესი, საქართველოს გადამცემ ხაზებს დენის ტრანზიტისთვის ძირითადად აზერბაიჯანი იყენებს თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის, თუმცა სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემები აჩვენებს, რომ წელს ტრანზიტი არ განხორციელებულა. არადა გასულ წლებში დენის ტრანზიტი რეკორდულად გაიზარდა, თუმცა შარშან შემცირდა.
სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ელექტროენერგიის ტრანზიტი 2024 წელთან შედარებით 19%-ით, 2023 წელთან შედარებით კი 4-ჯერ შემცირდა.
კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ 2025 წელს განხორციელდა 870 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი, რაც 2024 წლის რაოდენობასთან შედარებით 19%-ით, ხოლო 2023 წლის რაოდენობასთან
შედარებით 4-ჯერ ნაკლებია.
ამ 870 მლნ კვტ.სთ-დან 646 მლნ კვტ.სთ-ის ტრანზიტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით ნაკლებია, 179 მლნ კვტ.სთ-ის - რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 200%-ით მეტია, ხოლო 45 მლნ კვტ.სთ-ის - სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით ტრანზიტი არ განხორციელებულა.
ბოლო ხუთ წელში დენის ტრანზიტი:
- 2025 წელი - 870 მლნ კვტ.სთ;
- 2024 წელი - 1 074 მლნ კვტ.სთ;
- 2023 წელი - 3 444 მლნ კვტ.სთ;
- 2022 წელი - 3 160 მლნ კვტ.სთ;
- 2021 წელი - 1 184 მლნ კვტ.სთ;
ტრანზიტის რეკორდული მოცულობა თურქეთში ელექტროენერგიაზე გაზრდილ ფასს უკავშირდებოდა.
























