მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპუტატების მივლინებებში ავიაბილეთების შესყიდვა თავმჯდომარის ბრძანების დარღვევით ხდებოდა - აუდიტი

პარლამენტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტის 2019–2021 წლების შესაბამისობის აუდიტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი აჩვენა პარლამენტის მივლინებებთან დაკავშირებულ ხარჯებსა და ავიაბილეთების შესყიდვის პროცესში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის აპარატი რიგ შემთხვევებში სრული მოცულობით უხდიდა სადღეღამისო ნორმას იმ პირებს, რომელთა კვებასაც მიმღები მხარე უზრუნველყოფდა. აუდიტორების შეფასებით, სამივლინებო განაცხადები და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დასკვნები ყოველთვის არ ასახავდა რეალურ ინფორმაციას, რის გამოც ხდებოდა ზედმეტი თანხის გაცემაც.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დარღვევებია დაფიქსირებული ავიაბილეთების შესყიდვაში. მოქმედი წესის მიუხედავად, რომელიც თანამდებობის პირებს ავალდებულებს სამივლინებო განაცხადის შევსებას გამგზავრებამდე მინიმუმ 14 დღით ადრე, პრაქტიკაში განაცხადები უმეტესად მხოლოდ 3–4 დღით ადრე იყო შედგენილი. შედეგად, ავიაბილეთები შეძენილ იქნა ფრენამდე ძალიან მცირე ვადით, რაც ზრდიდა ღირებულებას და ზღუდავდა ფასდაკლებული კატეგორიის ბილეთების გამოყენებას.

"შესყიდული ავიაბილეთების ერთეულის ღირებულებებში არსებული განსხვავებების დადგენის მიზნით, სტატისტიკური მეთოდით შეირჩა 228 ერთეული სამივლინებო ბრძანება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა 712 მივლინებული პირისთვის შესყიდული 1874 ავიაბილეთი. აღსანიშნავია, რომ არცერთ შემთხვევაში არ იყო დაცული პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სამივლინებო განაცხადი უნდა შეივსოს მივლინებაში გამგზავრებამდე 14 დღით ადრე,"- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით, შესწავლილი შემთხვევების 60%-ში ბილეთები შეძენილ იქნა Turkish Airlines-ის ეკონომ კატეგორიის Y კლასში - რომელიც ფასდაკლებას არ ითვალისწინებს. ამან მოგზაურობის საერთო ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა და ბიუჯეტის არაეკონომიური ხარჯვის რისკი შექმნა.

აუდიტის სამსახური პარლამენტს ურჩევს დანერგოს მკაცრი კონტროლის მექანიზმები, რათა სამივლინებო განაცხადები შეიცავდეს სრულ და ზუსტ ინფორმაციას, ხოლო ბილეთების შეძენა განხორციელდეს წინასწარ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტიან გამოყენებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები