„ძალდაუტანებლად იბადება ეჭვი კორუფციაზე და მაქვს, კითხვა - რა გახდა ამ საწარმოს უმოქმედობის მიზეზი? რა ელის მომავალში?“ - ეს კითხვა პარლამენტში მისულ სოფლის მეურნეობის მინისტრს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა როსტომ ჩხეიძემ დაუსვა.
საკითხი გორში, 2018 წელს საბიუჯეტო სახსრებით შექმნილ თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს შეეხებოდა, რომელიც დეპუტატის თქმით, დღემდე უმოქმედოდაა.
„დღევანდელ რეალობაში კოოპერატივების შექმნა საგრძნობლად წაადგება, ჩვენს სასოფლო-სამეურნეო ყოფასა და ეკონომიკას, ამიტომ თითოეულ ასეთ წამოწყებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. 2018 წელს მეფუტკრეობის განვითარებისთვის კოოპერაციის მხარდაჭერის გზით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში შეიქმნა კოოპერაციული თაფლის გადამამუშავებელი საწარმო, რომელსაც თაფლი უნდა მიეღო მთელ ქვეყანაში რეგისტრირებული თაფლის მწარმოებელი კოოპერატივებისგან, მაგრამ საწარმო, რომელიც საბიუჯეტო სახსრებით დაარსდა, ჯერაც არ არის ამოქმედებული. ძალდაუტანებლად იბადება ეჭვი კორუფციაზე...“, - ჰკითხა როსტომ ჩხეიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს.