საქართველოში მოქმედი კერძო კლინიკების წარმომადგენლები დღეს მთავრობის #520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდებიან. საუბარი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაწესებულ საერთო ტარიფებს შეეხება. კლინიკების ინფორმაციით, ახალი ტარიფები ხშირ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების თვითღირებულების ფასსაც ვერ ფარავს.
BMG-სთან საუბარში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში სტუმრობისკენ და კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს. კაკულიას განცხადებით, მედიკოსთა მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ცხადყოფენ, რომ სამინისტროს და კლინიკებს შორის აღნიშნული რეფორმის შესახებ მოლაპარაკებები არაადეკვატური იყო.
"ამ დადგენილებასთან დაკავშირებით ჩემთვის იყო ცნობილი, რომ მიმდინარეობდა გარკვეული კონსულტაციები. მოგეხსენებათ, რომ გუშინ იყო გადაცემა, სადაც ამ ქვეყანაში მედიცინის სფეროს ცნობილი, გამოცდილი პროფესიონალები საუბრობდნენ ამ დადგენილებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ უპრიანი იქნება, რომ სანამ ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებაზე მიგვიღია გადაწყვეტილება, ქალბატონმა მინისტრმა კიდევ დამატებით გააკეთოს კომენტარები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, მე არ მომიწევს იმის მტკიცება, რომ ბიუჯეტში გზები და ხიდები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანთა ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა კარდიოლოგია.
ძალიან ვწუხვარ, რომ კონსულატციები, ჩემი აზრით, არ იყო ადეკვატური. თუმცა, სანამ არ მოვისმენთ განმარტებებს ქალბატონი მინისტრისგან, ამაზე ვერ დასრულდება მსჯელობა, მაგრამ პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა იმ ადამიანების კომენტარების შემდეგ, რომელთა კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაშიც საზოგადოების დიდ ნაწილს არ ეპარება ეჭვი. კონსულტაციები, რომლებიც ასეთი შედეგით მთავრდება, ჩემი აზრით, პროფესიონალურად განხორციელებულ კონსულტაციებად ვერ ჩაითვლება.
ჩემი თხოვნა იქნება, თუ ეს შესაძლებელია, სანამ ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცდება და ამისთვის კიდევ რამდენიმე დღე არის და შეიძლება გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, რასაც ამ ვითარების შეცვლა შეუძლია. შესაბამისმა ინსტიტუტმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ასეთი ტიპის შეკითხვები მაქსიმალურად იქნეს მოხსნილი", - ამბობს რომან კაკულია.