ჯანსაღი, შაქრის გარეშე დამზადებული დესერტების წარმოება „უშაქრო“, რომელიც ბაზარზე ორი წელია ოპერირებს და თბილისში სამ ფილიალს აერთიანებს, წელს სავაჭრო ცენტრში კუნძული-დახლის განთავსებას აპირებს.
საკონდიტრო ობიექტის თანადამფუძნებელი, რუსო კვანტალიანი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მალე პირველი შეხვედრა იგეგმება, სადაც ყველა დეტალის განხილვას აპირებენ.
„ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მზარდია, განსაკუთრებით უცხოელებისგან. გვინდა, რომ სავაჭრო ცენტრში ჩვენი კუნძული-დახლი დავდგათ. ამასთან, გვინდა b2b მიმართულებითაც განვვითარდეთ და პარტნიორი ობიექტების რაოდენობაც გავზარდოთ.
ცნობადობის გაზრდის მიზნით, მარკეტინგული აქტივობების მიმართულებითაც გვინდა მოვძლიერდეთ. ამ დრომდე არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მსხვილი ინვესტიციები განგვეხორციელებინა ამ კუთხით და ვხედავთ, რომ რაღაცები დასახვეწია,“- ამბობს მეწარმე და დასძენს, რომ ასორტიმენტის გაზრდაზეც ფიქრობენ. მისივე თქმით, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მენიუს გადახედვა იგეგმება.
რაც შეეხება გამოწვევებს, რუსო კვანტალიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შაქრის შემცვლელებს და სხვადასხვა ინგრედიენტს უცხოეთში ყიდულობენ, მათი პროდუქტის ღირებულებას ნედლეულის ფასი განსაზღვრავს. მაგრამ გასულ წელს ნედლეულზე ფასის შემცირების პერიოდში, საკონდიტრომ გარკვეული პროდუქტების გაიაფებაც კი მოახერხა.