საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის განახლებული კონცეფციას პრემიერ-მინისტრი წარადგენს. ასე უპასუხა გივი მიქანაძემ bm.ge-ის კითხვას იმის შესახებ თუ რა ეტაპზეა საუნივერსიტეტო განათლების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია.
საქმე ის არის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ ივნისში, წინა განათლების მინისტრის ალექსანდრე წულაძის პერიოდში აცხადებდა, რომ მთავრობა უმაღლესი განათლების ახალი კონცეფციის წარდგენას დაახლოებით ერთ თვეში, ანუ ივლისში აპირებდა, მას შემდეგ მინისტრი შეიცვალა და უწყებას გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს, თუმცა ახალ მინისტრს ზოგადა განათლების მიმართულებით საკუთარი ხედვებზე ჯერ არ უსაუბრია.
"მე დეტალებში ვერ ჩავალ, ერთადერთი მიზეზის გამო, რომ პრემიერმა უნდა გააკეთოს საჯარო პრეზენტაცია კონცეფციით, თუ რა სახის რეფორმა იგეგმება", - განაცხადა გივი მიქანაძემ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ.
როგორც გივი მიქანაძე ამბობს, შექმნილი სამთავრობო კომისია პრაქტიკულად თავის სამუშაოს ასრულებს, კონცეფციის ძირითადი მონახაზიც არსებობს, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს.
„კომისია ფაქტობრივად ასრულებს თავის საქმიანობას. კონცეფციის ძირითადი მონახაზი უკვე არსებობს, თუმცა მიმდინარეობს ბოლო პარამეტრების შეჯერება. დეტალებში ვერ ჩავალ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს საჯარო პრეზენტაცია. თუმცა, საზოგადოება მინდა დავარწმუნო, რომ ეს იქნება ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც მიმართული იქნება განათლების ხარისხის ამაღლების, კონკურენციის ზრდისა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული სისტემის შექმნისკენ”, - განაცხადა მიქანაძემ.
ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობამ წლის დასაწყისში საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივი გარდაქმნის მიზნით, 4-წლიან პერსპექტივაში სამთავრობო კომისია შექმნა, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებით.




























