თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თემურ ბოლოთაშვილის განცხადებით, სახანძრო სისტემების დემონტაჟზე, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს.
საქმე ისაა, რომ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომიდან ცნობილი გახდა, რომ მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სამშენებლო კომპანიები შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს დროებით ქირაობენ, ინსპექტირების გავლის შემდეგ კი მათ ხსნიან. კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს რეგულაციების გამკაცრება დაავალა.
"საუბარია იმ არასასიამოვნო ფაქტებზე, როდესაც ხდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დემონტაჟი, რის გამოც შენობებში აღარ არის სათანადო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იმ შემთხვევებში, თუ მოხდა ხანძარი ან დაკვამლიანება. ეს სისტემები ერთი მხრივ დეტექციას უზრუნველყოფს, არის სპრინკლერის სისტემები, დაწნევის სისტემა კიბის უჯრედში იმისათვის, რომ კვამლმა არ შეაღწიოს და შენობაში მყოფებმა უსაფრთხოდ დატოვონ შენობა-ნაგებობა. არსებობს ასევე გენერატორები საკუთარი ელექტრომომარაგებისთვის და ა.შ. ანუ ყველა ის აქტიური სისტემა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს იმისათვის, რომ არ დადგეს ფატალური შედეგი.
ბუნებრივია, ამ სისტემების შეძენა უფრო ძვირად ღირებულია, ვიდრე ქირაობა. შესაბამისად რატომღაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი კომპანია ახდენს ასეთ მანიპულაციას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს კონკრეტული მოთხოვნა ექსპლუატაციაში მიღების დროს. რაც, ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა.
რაც შეეხება სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობის დაყენების მექანიზმს, როგორც არქიტექტურული სამსახურის უფროსმა განმარტა, განხორციელდება ექსპლუატაციაში შესული შენობების პერიოდული ინსპექტირება და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს.
ბოლოთაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შენობის ჩაბარებისა და დეველოპერის გასვლის შემდეგ, უსაფრთხოების სისტემების მოვლა-პატრონობაზე და მათ მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე გადავა.
"ექსპლუატაციაში მიღებული შენობების პერიოდული ინსპექტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ არსებობენ უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც სისტემებს ხსნიან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამხანაგობებთან ინფორმაციის მიწოდება და იმის გააზრება, რომ აღნიშნული სისტემები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, რაც ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ იქნება კომპრომისის საგანი. მოგეხსენებათ შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც ათეულობით წელი უნდა არსებობდეს, ასევე სისტემები მუშა მდგომარეობაში უნდა იყოს იმისათვის, რომ მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და სისტემის მოვლა-პატრონობა უკვე დეველოპერის გასვლის შემდეგაც თვითონ ამხანაგობამ უნდა უზრუნველყოს.
საუბარია იმაზე, რომ პერიოდული ინსპექტირება იყოს გარკვეულ ჩარჩოებში, რათა ჩვენ მუდმივად გვქონდეს ინფორმაცია უსაფრთხოების სისტემების გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟი გამოიწვევს პასუხისმგებლობას. მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, ვინაიდან ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მართლა არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ასევე მივმართავთ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს", - განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის თქმით, მერია ეტაპობრივად კიდევ შეიმუშავებს რეგულაციებს, რომელთა საფუძველზეც ბაზარს არაკეთილსინდისიერი კომპანიები ბუნებრივად ჩამოშორდებიან.
"საქართველოს მთავრობა, მუნიციპალიტეტი პერიოდულად ვიღებთ გარკვეულ რეგულაციებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯანსაღ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს. მუდმივად გაგრძელდება სამომავლოდ ახალი რეგულაციების შემუშავება და სექტორი ბუნებრივად გაიფილტრება. არაკეთილსინდისიერი კომპანიები ბუნებრივად ჩამოშორდებიან ამ სექტორს, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო და უფრო მკაცრდება მიდგომები კონტროლის, აღსრულების, ნებართვის გაცემის და, საბოლოო ჯამში, დღეს უკვე ვსაუბრობთ არსებული, ექსპლუატაციაში მიღებული შენობების მონიტორინგის სისტემის არსებობაზე. შესაბამისად, ეს პროცესი ბუნებრივად გაფილტრავს არაკეთილსინდისიერ კომპანიებს", - განაცხადა ბოლოთაშვილმა.




























