კადრების დეფიციტზე კერძო სექტორის წარმომადგენლები თითქმის ყველა სექტორში საუბრობენ, განსაკუთრებით მწვავე დეფიციტი კი დეველოპერულ სექტორში და მომსახურების სფეროშია.
BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, დეველოპერულ სექტორში კადრები ძირითადად თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და უზბეკეთიდან არიან ჩამოყვანილი. ლალაზაშვილის თქმით, საკურიერო სფეროში ინდოეთიდან ჩამოსული კადრებიც მომრავლდნენ.
“კადრების დეფიციტის პრობლემა ყველაზე მეტად ეხება დეველოპერულ სექტორს, ასევე მომსახურების სექტორშიც ასე არის. არ არის სექტორი, სადაც არ საუბრობენ კადრების და სპეციალისტების ნაკლებობაზე. დეველოპერულ სექტორზე რა ინფორმაციაც მაქვს, კადრები შემოჰყავთ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთი დაემატა ასევე ამ ქვეყნებს.
ამას გარდა, ჩვენ ვხედავთ საკურიერო მომსახურებით ვინც არის დაკავებული. შემოსულები არიან სხვადასხვა ქვეყნიდან, უფრო მეტად კი ინდოეთიდან”, - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.