მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში გაკოტრებული დეველოპერული კომპანიების რიცხვი 41%-ით გაიზარდა

რუსეთი

რუსეთში, გასული წლის განმავლობაში, გაკოტრებული სამშენებლო კომპანიების რიცხვი 41%-ით გაიზარდა. ანალიტიკური კომპანია Kontur.Fokus-ის ოფიციალური მონაცემებით, ვითარება ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში მკვეთრად დამძიმდა. ამ პერიოდში წარმოებული საქმეების რიცხვი 1,089-დან 1,454-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კი სამ თვეში დაფიქსირებულ 30%-იან მატებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ გაკოტრების შემთხვევების ძირითადი ნაწილი რეგიონულ დეველოპერებზე მოდის. განსაკუთრებით მსგავსი ფაქტები ნოვოსიბირსკში, პერმში, ყაზანში, სურგუტსა და ჩელიაბინსკში დაფიქსირდა.

სამშენებლო კომპანიები შექმნილ სირთულეებს სამუშაოების მოცულობის შემცირებას და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მკვეთრ კლებას უკავშირებენ. როგორც ირკვევა, ეს პროცესი ეკონომიკაში საინვესტიციო აქტივობის 10%-იანმა შემცირებამ და რუსეთის ცენტრალური ბანკის მაღალმა საპროცენტო განაკვეთმა განაპირობა. პარალელურად, გამოწვევაა ისიც, რომ სამშენებლო მასალებისა და მომსახურების ხარჯები ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, დეველოპერებს ვადების გადაცილების გამო დაკისრებული ფინანსური ჯარიმებიც დაუგროვდათ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რუსეთის მშენებლობის სამინისტრო სექტორში არსებულ გამოწვევებს ოფიციალურად აღიარებს. უწყება რამდენიმე რეგიონში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გეგმის ჩაშლის საფრთხეს სერიოზულად აღიქვამს. რუსული გამოცემა Izvestia-ს ცნობით, რისკის ზონაში ლიპეცკის, კურსკის, ორიოლის, ულიანოვსკის, ტომსკის, სარატოვისა და ამურის ოლქები მოხვდა. ამ სიას სანკტ-პეტერბურგი, ხანტი-მანსის ოლქი, ბაშკირეთი, მორდოვია და ოკუპირებული ტერიტორიებიც ემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები