რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში საწვავის მწვავე დეფიციტმა ბენზინგასამართ სადგურებთან ორკილომეტრიანი რიგები წარმოქმნა. არსებული ინფორმაციით, შექმნილი კრიზისი ლენინგრადის ოლქში მდებარე ერთ-ერთ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უკრაინის თავდაცვის ძალების იერიშს მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ შექმნილი ვითარების გამო, ადგილობრივ მძღოლებს ავზის შესავსებად რიგში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ.
როგორც უკრაინული მედია წერს, Gazprom-ის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან რიგში მდგომ მოქალაქეებს მომსახურების მისაღებად 4-5 საათი დასჭირდათ.
ავტომობილების ნაკადმა გზაზე მთელი სავალი ზოლი დაიკავა, რამაც გარკვეულ მონაკვეთებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც შეაფერხა. დეფიციტის ფონზე, სადგურებმა ერთ ავტომობილზე 60 ლიტრის ოდენობის ლიმიტი დააწესეს.
ცნობისთვის, Киришинефтеоргсинтез-ი, ანუ ის ქარხანა, რომელიც უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი საწარმოა.
























