ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა და Inter Miami-ს პრეზიდენტი, დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიული კომპანია Coty-სთან მასშტაბურ იურიდიულ დავას იწყებს.
ვარსკვლავის ინტერესების დამცველმა კომპანია DB Ventures-მა ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა და კომპენსაციის სახით სულ მცირე $41 მილიონს, ასევე მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს.
დავის მიზეზი ბეკჰემის სახელობითი სუნამოების (Eau de Toilette და Eau de Parfum) არაავტორიზებულ, ფასდაკლებების ქსელებში (მათ შორის Poundland-სა და ბენზინგასამართ სადგურებზე) მასობრივად გამოჩენა გახდა. მოსარჩელე მხარის განცხადებით, Coty-მ პროდუქცია მიზერულ ფასად გაყიდა, რითაც მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელის ათწლეულების განმავლობაში შენებულ ლუქს-იმიჯს უდიდესი დარტყმა მიაყენა. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ აუდიტის შედეგად, კომპანიამ $123 მილიონის გაყიდვები დამალა, რის გამოც ბეკჰემმა ჰონორარის სახით $6 მილიონი იზარალა.
თავის მხრივ, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს Coty და საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვს. პარფიუმერიული გიგანტის მტკიცებით, ვითომ მიყენებული ზარალი დაუმთავრებელ აუდიტსა და ვარაუდებს ეფუძნება. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ რეალურად, ეს დავა 2028 წლამდე გათვლილი კონტრაქტიდან ნაადრევად გასვლის მცდელობაა, რადგან ბეკჰემის სახელის მფლობელმა (Authentic Brands Group) უკვე გააფორმა ახალი ხელშეკრულება კონკურენტ Interparfums-თან, რომელიც ძალაში 2027 წლის იანვრიდან უნდა შევიდეს.





















