საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან სანქციების განხორციელების საკითხებში დევიდ ო’სალივანთან და აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან სანქციების საკითხებში: ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას სპეციალური წარმომადგენლის ოფისებთან, რისთვის მზადყოფნაც არაერთხელ გამოუხატავს ქართულ მხარეს მაღალი დონის შეხვედრებისას.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების საკითხში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროკავშირს, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს შესაბამისი სამსახურების მზადყოფნა ფინანსური სანქციების რეჟიმის დასაცავად, რაც არაერთხელ აღინიშნა როგორც პარტნიორების, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ შესაბამის ანგარიშებში, ისე სპეციალური მისიების მიერ საქართველოში განხორციელებული იმ ვიზიტების დროს, რომლებიც მიზნად ისახავდა ადგილზე ვითარების გაცნობას.
"ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და სხვა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობა ფინანსური სანქციების განხორციელების კუთხით და გამოხატეს მზადყოფნა აქტიური დიალოგის გასაგრძელებლად.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ევროპული არჩევანის ურყეობა და ხელისუფლების მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი კუმარ იერი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ოფისის უფროსი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოში.