"უნდა მივაღწიოთ ამ ადამიანების [იგულისხმება დევნილები] დასაქმებას, რათა დახმარება, შემწეობას გადავაჩვიოთ", - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა. BMG-იმ ჯემალ გამახარიას ჰკითხა, არის თუ არა დევნილების 45-ლარიანი შემწეობა საკმარისი და შესაძლებელია თუ არა მისი გაზრდა.
"რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ დავუშვათ, 45 ლარი 100 ლარამდე გაიზარდა, ეს ეყოფა დევნილებს? მე მგონი, არა. რამდენ ლარამდე უნდა გაიზარდოს, რომ ეყოთ? სახელმწიფოს პოლიტიკა არა შემწეობის მუდმივად გაზრდაზე, არამედ ადამიანების დასაქმებისკენ უნდა იყოს მიმართული. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ადამიანების თანდათან დასაქმებას მივაღწიოთ, რომ ხალხი დახმარება, შემწეობას გადაეჩვიოს. ჩვენ რატომ ვართ მშვიდობით და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით დაინტერესებული? იმიტომ, რომ ადამიანები დასაქმდნენ, მათ შორის, დევნილები", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
ცნობისთვის, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირების ყოველთვიური შემწეობა 45 ლარია. დევნილს შემწეობა უწყდება თუ მისი ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი 1250 ლარს ან მეტს შეადგენს.




























