მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევნილებისთვის ბინების გადაცემაზე 1-წუთიანი ვიდეორგოლის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან 200 ათას ლარამდე დაიხარჯება

3434

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის შესახებ ვიდეორგოლზე 198 240 ლარს დახარჯავს. სააგენტომ 50-60 წამიანი საიმიჯო ვიდეორგოლის მოსამზადებლად საჭირო გამარტივებულ შესყიდვაზე მთავრობისგან თანხმობა უკვე მიიღო.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ერთდროულად 5 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი კომპლექსების სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული მშენებლობები სრულდება სხვადასხვა დროს. თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მშენებლობები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე სრულდება და საცხოვრებელი ფართები იძულებით გადაადგილებულ ოჯახებზე არაუგვიანეს ოქტომბრის თვეში განაწილდება.

დევნილთა სააგენტოს თანახმად, დასრულებულ და მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის დევნილი საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებისა და ბინის მიღების შესაბამის პროცედურებში დევნილთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, უმოკლეს ვადებში აუცილებელია ვიდეორგოლის დამზადება.

კერძოდ, უნდა დამზადდეს ინფორმაციული ხასიათის ვიდეორგოლი შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით: სავარაუდო ქრონომეტრაჟია 50-60 წამი, შესრულებული უნდა იყოს დოკუმენტური სტილით, რაც გულისხმობს შერჩეულ ლოკაციაზე გადაღებულ კადრებს, ვიდეორგოლის ლიცენზირებული მუსიკით გაფორმებას. ვიდეო უნდა ახდენდეს ინფორმაციის მიწოდებას იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ერთდროულად, ქვეყნის 5 ქალაქში მიმდინარე ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების შესახებ. ასევე აღნიშნული მშენებლობების იძულებით გადაადგილებულ ოჯახებზე განაწილების შესახებ.

ცნობისთვის, ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიება დღეს გაიმართა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ქუთაისში 720 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს.

"ერთდროულად 5 ქალაქში, გარდა ქუთაისისა, თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, ათასობით ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი. ამ ყველაფრის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 6 000 000 ლარს. დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტო თანხები იხარჯება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებლის გადაცემა. ასევე, წარმატებით ხორციელდება „სოფლად სახლის“ პროექტიც, რომლის ფარგლებში 12 000-მა ოჯახმა უკვე შეიძინა საკუთარი სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთით",- განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები