მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ანბანის კოშკის ტერიტორიაზე “ბათუმის ფესტივალი” იღებს სტარტს

64a820cd888f0
სალომე ხიდურელი
08.07.23 15:50
976
დღეიდან, 8 ივლისიდან, საინვესტიციო კომპანია Lixin Group ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერად დღესასწაულს იწყებს და ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების სტუმარს “ბათუმის ფესტივალზე” ეპატიჟება.

ფესტივალის ტერიტორიაზე 6 სხვადასხვა ზონა განთავსდება, სადაც წარმოდგენილი იქნება საკვები ობიექტები, ბარები, ორი სცენა, ღია კინოთეატრი, საბავშვო სივრცე და მრავალი სხვა გასართობი ზონა, რომელიც არც ერთ სტუმარს არ დატოვებს გულგრილს.

ბათუმის ფესტივალი კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ აჭარის რეგიონი და საქართველო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ტურისტების ყურადღების ცენტრში. როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ივენთ მენეჯერი ნანუკა გორგილაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, ღონისძიება სწორედ უცხოელ დამსვენებლებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ცნობადობის ზედას ემსახურება, რასაც კვების ზონაში წარმოდგენილი სხვადასხვა კუთხის, მათ შორის, აჭარის, სვანეთის, რაჭის და სხვ. გასტრონომიული შედევრებზე ხელმისაწვდომობაც შეუწყობს ხელს.

“მსგავსი მასშტაბისა და ხანგრძლივობის ფესტივალი, არც აჭარაში და არც დანარჩენ საქართველოში, აქამდე არ ჩატარებულა. ჩვენი კომპანიის მიზანია, რომ აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შევუწყოთ ხელი და ბათუმში ჩამოსულმა ტურისტებმა ჩვენს ფესტივალზე მრავალფეროვანი გამოცდილება მიიღონ”, - ამბობს ნანუკა გორგილაძე.

გარდა ამისა, ფესტივალი ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საკუთარი ხელნაკეთი ნივთების რეალიზების შანსსაც აძლევს. როგორც “ბათუმის ფესტივალის” კიდევ ერთი ორგანიზატორი და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათული ჯანჯღავა აღნიშნავს, მსგავსი ტიპის ფესტივალები მცირე ბიზნესებისთვის ერთგვარი წახალისებაა, რადგან მათ შანსი ეძლევათ, საკუთარი მრავალფეროვანი არჩევანი პოტენციურ მყიდველებს წარუდგინონ.

“მსგავსი ფესტივალები ბიზნეს-სექტორის განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი სურვილია, მცირე ბიზნესებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ გაფართოვდნენ და წარმატებულ კომპანიებად იქცნენ”, - ამბობს თათული ჯანჯღავა.

როგორც აღვნიშნეთ, ფესტივალის კარი ნებისმიერი მსურველისთვის დღეს 17:00 საათზე გაიღება, გრანდიოზული გახსნა კი 16 ივლისსაა დაგეგმილი, სადაც სტუმრის განწყობაზე ანსამბლი “არსიანი”, სოფო ხალვაში და ბენდი, ბენდი “სისაიდი”, თამადა, Tobako Tween და ადგილობრივი DJ - ბექა კალანდაძე, ბენე, ჩიკი და Goldman იზრუნებენ.

ფესტივალი 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მაყურებლის წინაშე ყოველ დღე სხვადასხვა მუსიკოსი წარდგება - დასწრება კი სრულიად უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები