მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან მარტის ბოლომდე ვაშლიჯვრის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება

6007e884ac826
ინგა მურუსიძე
20.01.21 12:34
5524
"მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში უნდა დასრულდეს" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ დღეიდან მარტის ბოლომდე აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი გზის, ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

„დავიწყეთ ახალი გზის მშენებლობა, რაც მაჭავარიანის ქუჩას მარშალ გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. ბოლო წლების განმავლობაში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ძალიან განვითარდა. აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რაც მისასალმებელია, თუმცა, მისასვლელი გზები გადაიტვირთა. ამიტომ, გადაწყდა ახალი, ბეტონისსაფარიანი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის დაწყება. იგი იქნება, დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით, რაც ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. არსებობდა მეწყრული ადგილები, რომელსაც გარკვეული სამუშაოების ჩატარება დასჭირდა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ და სამომავლოდ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ეს სამუშაოები დღესაც გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, საპროექტო არეალში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენ მილებს ახალი ტრაექტორიით ათავსებენ.

„ამ ეტაპზე, უნდა მოხდეს საავტომობილო გზის გასწვრივ ახლადმოწყობილი წყალსადენის 900, 1000 და 1200 მმ-იანი დიამეტრის მილების დაერთება არსებულ, მოქმედ მილსადენებზე, რის გამოც, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე (ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე) საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად - ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები