მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს დარტყმა მოდის ნავთობკომპანიებზე, რომლებიც რეალურად პრობლემის მხოლოდ გამტარები არიან - BAG

618d10635cde1
BM.GE
11.11.21 16:40
6529
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, შავლეგ მიშველაძემ საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით და შესაძლო გამოსავალის მოძებნის გზებზე „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, „ჩვენს შემთხვევაში გამოსავალი არის: პირველი, მსოფლიო ბაზარი, რომელზეც სამწუხაროდ, ჩვენ ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ, ხოლო მეორე არის აქციზის გადასახადი. უნდა იყოს თუ არა აქციზი მცურავი, უნდა განახევრდეს, თუ საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს არის პასუხისმგებლობა კონკრეტული უწყებების და მთავრობის. ამასთან, ბიზნესი მზად არის, ამ დისკუსიებში ჩაერთოს. ერთის მხრივ, ძალიან მარტივი მათემატიკაა, განახევრების შემთხვევაში რა ეფექტი მოყვება ამას ქსელში, დაახლოებით 15-20 თეთრიან სხვაობას მივიღებთ, თუმცა მეორე მხრივ, დგას 300 მილიონი ლარი, რომელიც დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს“.

შავლეგ მიშველაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „პასუხისმგებლობის ტვირთი სწორედ აქ არის, ეს 300 მილიონი ლარი განსაზღვრულია ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა სოციალური, ინფრასტრუქტურული და ა.შ. და რითი მოხდება ამის კომპენსირება და რამდენად ეფექტიანი იქნება ასეთი ქმედება, როდესაც ავტომფლობელი და ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვა ინდუსტრიები მიიღებენ გარკვეულ შეღავათს? მაგრამ მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც არ სარგებლობს ავტომობილით და არც აინტერესებს, რა ღირს საწვავი, მათთვის ეს არანაირ პრიორიტეტს არ წარმოადგენს“.

„რეალურად ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ვინაიდან, ყველასთვის გასაგებია, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა, გამოვიყენოთ ქვეყნის შიდა რესურსი, ანუ აქციზი და ამავდროულად უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს. დღეს დარტყმა მოდის ნავთობკომპანიებზე, რომლებიც რეალურად არიან პრობლემის მხოლოდდამხოლოდ გამტარები, ბიზნესზე ნებისმიერი სახის შეტევები, სამწუხაროდ, აზიანებს ბიზნეს გარემოს“ - აცხადებს შავლეგ მიშველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები