იმ 13 ბიზნესასოციაციასა და ორგანიზაციას შორის, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება, ერთ-ერთი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატაა. როგორც ICC-ის თავმჯდომარე ფადი ასლი "ანალიტიკასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, ორგანიზაციის 3-დღიანი გაფიცვა სიმბოლური აქტია და მკაფიო მესიჯს უგზავნის პროევროპული დემონსტრაციის მონაწილეებს.
"სიმბოლური აქტია, გაფიცვა ბევრ რამეს არ შეცვლის, მაგრამ გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენი სინდისი იქნება სუფთა. გაფიცვა ასევე შესაბამის მესიჯს უგზავნის თავიანთი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს. მჯერა, რომ არსებობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვროს ყველამ, ყოველი ბიზნესის წარმომადგენელმა და და დადგეს სწორი იდეის, მომავალი თაობის გვერდით", - განაცხადა ფადი ასლიმ.
მისივე თქმით, ბიზნესორგანიზაციებს შორის პროტესტის ტალღა უფრო და უფრო გაიზრდება, თუმცა სამწუხაროა, რომ ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია "საქართველოს ბიზნესასოციაციას", რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილ ბიზნესებს წარმოადგენს.
ფადი ასლიმ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ BAG-ის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძეს, არ ჰყოფნის გამბედაობა განცხადების გასაკეთებლად, ასოციაციამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.
"ვფიქრობ, რომ დომინანტური გუნდი, რომელიც სიას აკლია "საქართველოს ბიზნესასოციაციაა", რომელიც საქართველოს მშპ-ს 60%-ზე მეტს და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილ ბიზნესებს წარმოადგენს. ამ 12 ასოციაციის, მათ შორის ICC-ის წევრებიც არიან BAG-ის შემადგენლობაში. მესმის ბიზნესის, რომელიც მერყეობს საკუთარი პოზიციის გამოხატვაზე, ვინაიდან მათ ეშინიათ, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, დიქტატურაში ვცხოვრობთ, სადაც შემოსავლების სამსახურს შეუძლია, მათი ანგარიშები დაბლოკოს, სასამართლო პროცესებში ჩაითრიონ.
ამიტომ მესმის, რომ ზოგიერთი ბიზნესმენი შეშინებულია, თუმცა არ მესმის, "საქართველოს ბიზნესასოციაცია" ჯერ კიდევ რატომ დუმს. სამწუხაროა, რომ 12 სხვა ასოციაცია იმაღლებს ხმას და BAG-ი - არა. მჯერა, BAG-ის პრეზიდენტი, რომელიც ჩემი კარგი მეგობარი სოსო ფხაკაძეა, მკაფიო პოზიციას უნდა აფიქსირებდეს. შესაძლოა, მისი ბიზნესის ინტერესები დაზიანდეს და თუ ამის ეშინია, უნდა დატოვოს თანამდებობა, როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ და უნდა აირჩიონ ვინმე ისეთი, ვისაც იმის გამბედაობა ექნება, რომ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლის მხარეს დადგეს", - განაცხადა ICC Georgia-ს თავმჯდომარემ.
ბიზნესები, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან - განცხადებები