„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც სპეცრაზმმა არაერთხელ დაარბია.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებით გამოწვეულ მოქალაქეთა პროტესტს სხვადასხვა სექტორში მოღვაწე არაერთი ბიზნეს გაერთიანება და კომპანია გამოეხმაურა. მათი ნაწილი პროევროპულ პოზიციას აფიქსირებს, მთავრობას კონსტიტუციის 78-ე მუხლი ახსენებს და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას გმობენ. ამასთან, ბიზნესების ნაწილი სხვადასხვა გზით გამოხატავს საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერას, იქნება ეს უფასო ცხელი სასმლის და საკვების შეთავაზება თუ სხვა.
BMG კომპანიების და ასოციაციების განცხადებებს გთავაზობთ.
13 ბიზნესასოციაცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის მთელი საზოგადოების მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეულ სამუშაოს და წარმოადგენს ბოლო თვეებში ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების პროცესის კულმინაციას.
"ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნის მდგრადი განვითარების, კეთილდღეობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად", - წერია ერთობლივ განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან: საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო (EUGBC), ICC Georgia, EBA Georgia, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, გერმანული ბიზნეს ასოციაცია, აშშ-ის სავაჭრო პალატა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და ICDC.
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა კომერციული ბანკების ნაწილმა:
"თიბისიმ" განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას. ასევე, დაგმო დემონსტრანტებზე ძალადობა.
"თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის", - აღნიშნულია "თიბისის" განცხადებაში.
ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს.
"საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს. ევროპისკენ მიმავალ გზაზე - არ გაჩერდე", - დაწერა "საქართველოს ბანკმა".
ბანკმა განცხადებაში ევროპული მომავლის მხარდაჭერა დაადასტურა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მით უმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით.
"თეგეტა ჰოლდინგმა" განაცხადა, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და კრიზისული მდგომარეობა აზიანებს ქვეყნის მომავალს, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დასახულ მიზნებს.
"წინ და წინ, ევროპისკენ!",- წერია "თეგეტას" განცხადებაში.
"სილქნეტი" და "სილქ როუდ ჯგუფის" კომპანიები
"სილქნეტმა" და "სილქ როუდ ჯგუფის" კომპანიებმა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა გამოხატეს. ასევე, დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას.
არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!",- აღნიშნულია განცხადებაში.
"მაგთიკომმა" დაგმო მომიტინგეებზე ძალადობა და განაცხადა, რომ რჩება კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული.
"მაგთიკომი კატეგორიულად გმობს საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და რჩება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს მომავალი ევროპაშია!",- განაცხადა კომპანიამ.
ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისმა“ დაგმო ყველა ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას.
"საქართველოს ერთიან ევროპულ სივრცეში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია",- დაწერა კომპანიამ.
"ბიდიო საქართველო" (BDO Georgia)
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მ განაცხადა, რომ მიუღებლად მიაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. ამასთან, კომპანიამ დაგმო ძალადობა.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. დაუცველ პირებზე თავდასხმა, მათი დევნა, ცემა და სისასტიკე, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიისკენ",- წერია განცხადებაში.
ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების კომპანია FAS Group-ის განცხადებით, მიუღებლად მთავრობის გადაწყვეტილება, რომ შეჩერდეს საქართველოს სვლა ევროპისკენ.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და აფერხებს მის განვითარებას. ასევე, მკაცრად გმობენ ყოველგვარ ძალადობას მოქალაქეებზე.
"აი სი არ ჯგუფი" მხარს უჭერს საზოგადოების პროტესტს და გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჯგუფი ევროპული ღირებულებების ერთგულებას ადასტურებს.
"ჩვენ ვართ საქართველო - მაშასადამე ევროპა!",- წერია განცხადებაში.
"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი" (GTI Alliance)
ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დამანგრეველი პოლიტიკა უნდა შეჩერდეს და დაგმო ძალადობა. ალიანსმა პროტესტის ნიშნად, აქცია გამართა სახალხო დამცველის აპარატთან.
"ასოციაცია ქართული ღვინო" (Georgian Wine Association)
"ასოციაცია ქართულმა ღვინომ" დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს.
“მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია" (SMEDA)
“მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია" უერთდება პროტესტს და გმობს ძალადობას დემონსტრანტების მიმართ. ასოციაციის განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებით, ჩნდება საფრთხე დაიკარგოს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებაში აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. კომპანიამ დაგმო ძალადობას ხალხის ნების წინააღმდეგ.
"საქართველოს ადგილი არის და იქნება ევროპულ სივრცეში!",- წერია განცხადებაში, რომელიც კომპანიის სახელით, გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ახრახაძემ გააკეთა.
მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია "მუსიკის სახლმა" ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
ვასილ ბარნოვის 31 მდებარე რესტორანი "ვერაზე" ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ცხელი სასმელებით გაუმასპინძლდება.
"გიმასპინძლებთ ცხელი სასმელებით! გაგიზიარებთ სითბოსა და სიყვარულს!
ერთად დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი!
ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის!",- დაწერა რესტორანმა სოციალურ ქსელში.
კლუბები: BASSIANI, KHIDI, LEFT BANK, MTKVARZE, TBILI ORGIA, TES
თბილისის მსხვილმა კლუბებმა 29 ნოემბერს დაგეგმილი საკლუბო ღამე გააუქმეს და პროტესტს შეუერთდნენ.
"სოლიდარობას ვუცხადებთ სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას და მოვითხოვთ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უპირობოდ შეუერთდეს დაუმორჩილებლობის საყოველთაო დემონსტრაციებს საქართველოს ყველა ქალაქში",- აღნიშნულია კლუბების ერთობლივ განცხადებაში.
"დედაენის ბარი" (Dedaena Bar)
საპროტესტო შეკრების მხარდასაჭერად, დაანონსებული ღონისძიება გააუქმა "დედაენის ბარმა" და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
"შავი ლომი", "ნინიას ბაღი", "კაფე ლეილა","კაკლები"
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დროებით დაიხურა რესტორნები: "შავი ლომი", "ნინიას ბაღი", "კაფე ლეილა" და "კაკლები".
სასმელების მაღაზია "სმაგლერსის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის დასავლური კურსი უალტერნატივოა. კომპანიამ დაგმო ძალადობას მშვიდობიან დემონსტრანტებზე.
"სმაგლერსში ვთვლით, რომ საქართველოსთვის დასავლური კურსი უალტერნატივოა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა. შესაბამისად, ყოვლად მიუღებელია ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც მშვიდობიანად იცავენ ქვეყნის ისტორიულ არჩევანს",- წერს კომპანია.
"ლისი დეველოპმენტი" (LISI Development)
"ლისი დეველოპმენტმა" განაცხადა, რომ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და გმობს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ სახის ძალადობას.
"შატო შუხმანი" (Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA)
"არა ძალადობას. ჩვენი გზა მხოლოდ ევროპაშია",- დაწერა კომპანიამ სოციალურ ქსელში.
"შატო ვარციხე" (Chateau Vartsikhe)
ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, "შატო ვარციხემ" განაცხადა, რომ წყვეტს საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე დაბრუნებამდე.
"სნეპ ფიტნესი" (Snap Fitness Georgia)
"სნეპ ფიტნესის" განცხადებით, ევროპული კურსი საქართველოს ისტორიული არჩევანია.
"Კრესტონ ჯორჯია" (Kreston Georgia)
აუდიტორული კომპანია "კრესტონ ჯორჯია" გმობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას და აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
"Kreston Georgia ვიზიარებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებას.
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით",- წერია განცხადებაში.
ქართულმა ბრენდმა Mach & Mach-მა განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, გადაწყვიტა შეაჩეროს E-commerce გაშვება, რომელიც 4 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი.
"არ შეგვიძლია ვიზეიმოთ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო მოვლენა, როდესაც ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი!",- დაწერა Mach & Mach-მა.
ქართული სტარტაპ კომპამია "ოპტიო" შეუერთდა მშვიდობიან პროტესტს. კომპანიაში სჯერათ, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან ღირებული პროდუქტი, კომპანია და მოუტანონ ქვეყანას პოზიტიური ცვლილებები.
"დღეს, როცა საქართველოს არაკონსტიტუციური და თვითგამოცხადებული ხელისუფლება სასტიკად უსწორდება უდანაშაულო ადამიანებს და ართმევს ქვეყანას მომავალს, ჩვენ როგორც კომპანია და როგორც ინდივიდები, ვდგავართ ჩვენი გაბედული თანამოქალაქეების გვერდით და ვიბრძვით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რადგან თავისუფალი საქართველოს ადგილი ყოველთვის იყო, არის და იქნება მის ისტორიულ წიაღში - ევროპაში", - წერია კომპანიის განცხადებაში.
მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტს შეუერთდა PMC კვლევითი ცენტრი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უალტერნატივოა და მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყანას იზოლაციის წინაშე აყენებს.
"რეზიდენტ ჰილ სოპრა" (Residence Hill SOPRA)
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Residence Hill SOPRA-მ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე მთავრობის გადაწყვეტილებაზე შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ თუ მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას, დროებით შეწყვეტენ ყველა გადასახადის გადახდას.
"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება"
"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში" განაცხადეს, რომ მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მით უმეტეს მაშინ, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ არის მიჩნეული ლეგიტიმურად წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების მიერ.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მიუღებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
"კლინიკა კურაციო" (Curatio Clinic)
"კლინიკა კურაციოს" შეფასებით, 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იზიარებენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოვლენების სულისკვეთებას და გმობენ ძალადობას. კლინიკამ მზადყოფნა გამოთქვა, უსასყიდლოდ ჩაუტაროს სამედიცინო მომსახურება აქციებზე დაზარალებულებს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრამ" ხელისუფლებას მოუწოდა არ გავიდეს საკონსტიტუციო წესრიგიდან. კომპანიის განცხადებით, ევროკავშირზე უარის თქმა თავისუფლებასა და მომავალზე უარის თქმას ნიშნავს.
საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)
საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია და მისი წევრი 29 კომპანია გაემიჯნა საგარეო კურსის ცვლილებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.
შემოქმედებითი ინდუსტრიის კომპანიების განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა ეწინააღმდეგება მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს - ვიყოთ ევროპის ნაწილი. ასევე, დაგმობილია მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევა და დაკავება.
"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია"
"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ" მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტეგრაციაზე უარის თქმის პირველ ოფიციალურ განაცხადად შეაფასა. ასოციაციის განცხადებით, მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ ევროინტეგრაციაზე უარს კი არ წარმოადგენს, არამედ ღია აღიარებაა იმისა, რომ ხელისუფლება აჩერებს ქვეყნის განვითარების პროცესს და ავტოკრატიული მმართველობის დაკანონებას ცდილობს.
ამასთან, ასოციაციამ დაგმო ზეწოლა და სამსახურიდან დათხოვნის მუქარა საჯარო უწყებებში. მისი წევრი კომპანიები და ადვოკატები მზად არიან უფასო სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიონ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც მიმდინარე მოვლენების დროს სამართლიანი პროტესტის გამოხატვისას შეექმნება რაიმე სახის სამართლებრივი პრობლემა.
IT სერვისების კომპანია ITCS მხარეს უჭერს მომიტინგეებს და აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილს ევროპაშია.
"ITCS მხარეს უჭერს მომიტინგეებს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე დაფუძნებულ მომავალს იცავენ.
ევროპელ პარტნიორებთან კავშირის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ჩვენს ქვეყანას მოკავშირეებისგან იზოლაციის საფრთხეს უქმნის.
ვგმობთ ძალადობას იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ დემოკრატიას და საქართველოს ადგილს ევროპაში. ჩვენი ქვეყნის მომავალი პროგრესში, თავისუფლებასა და დასავლეთთან ინტეგრაციაშია – და არა ავტორიტარული ძალების ჩრდილში", - წერია კომპანიის განცხადებაში.
“შოკოჰოლიკის” დამფუძნებელმა, თეა ედიშერაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა პროდასავლურ პროტესტს და საახალწლოდ მომზადებული ნუგების მთელი მარაგი გადასცა რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს.
"ბარამბოს" განცხადებით, ევროინტეგრაცია ქვეყნის ისტორიული არჩევანია. კომპანია მხარს უჭერს ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ რთულ დროს იბრძვის თავისუფლების და ევროპული არჩევანის დასაცავად და მათ ცხელი სასმლით და ტკბილეულით მასპინძლობს მელიქიშვილის გამზირზე არსებულ ობიექტში.
"ველი სთორი" (VELI Store)
"თავისუფლებისთვის ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით თქვენ გვერდით",- დაწერა ონლაინ მაღაზია VELI Store-მ.
„პალიტრა მედიას" განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ესკალაციის ახალი ტალღა არ მივიღოთ. ამასთან, კომპანია დასძენს, რომ ყველა, ვინც აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
"ბიბლუსი" (Biblusi)
"ბიბლუსმა" დაგმო დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ძალადობა. კომპანიის განცხადებით, ქვეყნის ევროპული მომავალი შეუქცევადია.
ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის"
ბიზნესფედერაციის "ქალები მომავლისთვის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიზნესფედერაციის წევრები, იყვნენ, არიან და იქნებიან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ერთგული მხარდამჭერნი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიხელმძღვანელოთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით.
SPAR Georgia-მ მადლობა გადაუხადა თავის ეპიცენტრში მომუშავე თანამშრომლებს გამოჩენილი სიმამაცისა და პროფესიონალიზმისთვის, აგრეთვე, აქციის მონაწილეებს, რომლებიც მშვიდობიანად აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას ევროპული მომავლისთვის.
"ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი გზა ევროპაშია!",- განაცხადეს კომპანიაში.
"ქართული ოცნების" ანტიევროპული ნაბიჯები და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა დაგმო ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა.
ამასთან, საზოგადოებრივ პროტესტს შეუერთდა არაერთი კერძო სასწავლო დაწესებულება, მათ შორის სკოლები და უნივერსიტეტები.