შპს სკუტ სკუტ, იგივე "სკუტ სკუტი" 10 000 ლარს სოლიდარობის ფონდში რიცხავს. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხა თავისუფლებისთვის მებრძოლი, გასაჭირში მყოფ თანამოქალაქეებს მოხმარდებათ.
საქმე ისაა, რომ საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებლის, ნიკა გილაურის ინიციატივით აქციებზე დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნა.
"სკუტ სკუტი" 10 000 ლარს რიცხავს სოლიდარობის ფონდში.
რაც უნდა მძიმე იყოს პოლიტიკური ვითარება, ჩვენ, საქართველოს საზოგადოებამ უნდა ვაჩვენოთ ურყევი ერთობა, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს - მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს ან სრულიად უცხო თანამოქალაქეებს. ვისთვის ეს იქნება ჩაფხუტების გაზიარება, ვისთვის ემოციური მხარდაჭერა, ვისთვის სკუტერით უსაფრთხო ადგილას გაყვანა, ვისთვის რა და ვისთვის რა. მაგრამ ამ ერთობის სიმტკიცისთვის მთავარი და აუცილებელი პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოში ამჟამად არსებული კრიზისის მსხვერპლების - დაკავებული და ფიზიკურად დაშავებული ადამიანების თანადგომა.ჩვენ უფლება არ გვაქვს, ისინი მივატოვოთ გასაჭირში.
ბევრ მათგანს სჭირდება მკურნალობა, უმეტესობას აქვს თავის ტრავმა, ისინი უნდა გამოჯანმრთელდნენ ბოლომდე, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი პროცესია. რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას, არის ის, რომ მათ უმეტესობას აქვს მძიმე სოციალური წნეხი - ხშირ შემთხვევაში, ისინი კარგავენ შემოსავლის წყაროს, უწევთ ჯარიმების გადახდა, საადვოკატო ხარჯების გასტუმრება და ასე შემდეგ. ჩვენ მივესალმებით ამ ადამიანის წამოწყებას, მადლობას ვუხდით ნიკა გილაურს საკუთარი მსუყე შემოწირულებისთვის (100 000 ლარი) და ჩვენის მხრივ ვრიცხავთ 10 000 ლარს თავისუფლებისთვის მებრძოლი, გასაჭირში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად.
მოვუწოდებთ, ჩვენს სფეროსა თუ მის გარეთ მოღვაწე ბიზნესმენებს, ყოველგვარი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, დაგმონ ადამიანების დევნა და მათზე ძალადობა ხმამაღლა და დაეხმარონ გასაჭირში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს.
სკუტ სკუტის გუნდი
მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით", - ნათქვამია განცხადებაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, კომპანია "სკუტ სკუტი" ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და მისი დირექტორი, გიორგი ფოფორაძეა. რაც შეეხებათ მეწილეებს, კომპანიის 50%-ის მფლობელი, გიორგი ფოფორაძეა, ხოლო დარჩენილი 50%-ს გიორგი მონავარდისაშვილი ფლობს.