დღეს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს, რომლის შემდეგაც გაირკვევა, გაიზრდება თუ არა საპროცენტო განაკვეთი.
გუშინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ განიხილება, პირიქით არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულმა ბანკმა ის გაზარდოს კიდეც.
კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირებაზე გამყარებული ლარის კურსი დადებითად მოქმედებს, ხოლო პოტენციურზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და შიდა მოთხოვნა პირიქით მაღალი ინფლაციის შენარჩუნებას უწყობენ ხელს.
ცნობისთვის, საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 30 მარტიდან მოყოლებული 11%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2023 წელს რეფინანსირების განაკვეთი 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო წლიური საშუალო ინფლაცია 5.3%-ზე იქნება.