დღეს გაერო მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ, ღია წერილს ავრცელებს.
"არავინ ყურადღების მიღმა – ეს წლევანდელი მსოფლიო სურსათის დღის მთავარი თემაა და მოწოდება მსოფლიოსადმი: გავიაზროთ საგანგაშო რეალობა, რომ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის ფონზე სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება ყურადღების მიღმა. ამას არაერთი მიზეზი აქვს: მიმდინარე კონფლიქტები, მათ შორის, ომი უკრაინაში, COVID-19-ით გამოწვეული პანდემია და კლიმატის კრიზისი. პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ინფლაცია და დრამატულად გაზრდილი ფასი სურსათზე, საწვავზე, სასუქზე, ენერგეტიკაზე, რამაც შეიძლება შექმნას სურსათზე წვდომის კრიზისი ახლა და მასზე ხელმისაწვდომობის კრიზისი, სავარაუდოდ, მომავალ სეზონზე.
ბოლო კვირებსა და თვეებში უამრავი ადამიანი შეძრა სურათებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მწვავე პრობლემებს ასახავს. FAO-სა და პარტნიორების უახლესი ანგარიშის „სასურსათო უსაფრთხოება და კვება მსოფლიოში (SOFI)” მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 828 მილიონი ადამიანი საკვების მუდმივ ნაკლებობას განიცდის. ეს რიცხვი 46 მილიონით მეტია, ვიდრე 2020 წლის იგივე მაჩვნებელი და 150 მილიონით აღემატება COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემებს. პანდემიის შედეგებმა გააღრმავა უთანასწორობა, გაზარდა უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რიცხვი და მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრა უფრო გაართულა, განსაკუთრებით, მოწყვლად ქვეყნებში,"- წერს კუ დონჟუ.




























